"ქართული ლუდის კომპანია" ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს, სადაც ხილის კონცენტრატები დამზადდება. როგორც კომპანიის დირექტორმა კახა კოტრიკაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ნედლეულის ბაზრის შესწავლის პროცესი, რის შემდეგაც მოხდება ქარხნის პროექტირება.
"ეს პროექტი ჩაშვებულია, დანადგარების მომწოდებელი შერჩეულია, ეხლა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ბაზრის შესწავლა, იმაზე თუ რა პროდუქტები იქნება ხელმისაწვდომი და რა რაოდენობით, ეს იქნება მხოლოდ ვაშლი და ყურძენი, თუ იქნება კურკოვანებიც და სხვა ხილი. ასევე ხდება შესწავლა საიდან უნდა შემოვიტანოთ ეს ნედლეული, სწორედ ამის მიხედვით მოხდება შემდეგ პროექტის გამართვა, დანადგარების ტიპის შერჩევა, წარმადობის განსაზღვრა და სხა დეტალების გარკვევა. ჩვენ გვინდა ქართული ხილით ვაწარმოოთ პროდუქტი, რადგან ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას. ეს იქნება ქართული ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი, რომელსაც ექსპორტზეც გავიტანთ", - განაცხადა კახა კოტრიკაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება, მშენებლობა კი, ზედაზენის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2019 წელს იგეგმება. საწარმოს მშენებლობას სავარაოდოდ 5 მილიონი ევროს ინვესტიცია დასჭირდება.

























