„ქართული ლუდის კომპანიამ“ 25 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქციაა.
ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის პირველი ობლიგაციაა.
ობლიგაციებში ინვესტირება რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა განახორციელეს, ხოლო ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში 2018 წლის 26 დეკემბერს მოხდა.
ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მოახდინა და ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ს რიგით მეორე ინვესტიცია.
„2018 წელი კომპანიისთვის საკმაოდ საინტერესო იყო. „ქართული ლუდის კომპანიამ“ მოახერხა 5-წლიანი ობლიგაციების გამოშვება და განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. მთალიანობაში 25 მლნ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით და განვათავსეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების მხრიდან არის ძალიან მაღალი ნდობა კომპანიისათვის, რომელიც გამოიხატება როგორც კომპანიის სტრატეგიული განვითარების სწორ ხედვაში, ასევე ჯანსაღ და სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაში. აღნიშნულით „ქართული ლუდის კომპანია“ სულ სხვა ეტაპზე გადადის, რადგან 2019 წლის 1 იანვრიდან იგი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კომპანია ხდება. კომპანია ანგარიშვალდებული იქნება საკუთარი მიღწევები და ფინანსური მაჩვენებლები ყოველკვარტალურად თუ ყოველწლიურად სქართველოს ეროვნულ ბანკთან, საფონდო ბირჟასთან და ინვესტორებთან დაადეკლარიროს“, - აცახდებს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი კახა კოტრიკაძე.
ობლიგაციების ემისია „თიბისი ბანკის“ შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან -„ქართული ლუდის კომპანიასთან და ვეხმარებით მათ დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით. აღნიშნული ობლიგაცია ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სექტორში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მთლიანი სექტორის სამომავლო განვითარებისა და ლარით დაფინანსების წყაროების შექმნისთვის“, - აცხადებს „თიბისი კაპიტალის“ დირექტორი ირაკლი ელაშვილი.
ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 25 000 000 ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი 400 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, რომელიც ვადამოსული ხდება 2023 წლის 21 დეკემბერს, გამოშვებულ იქნა 2018 წლის 21 დეკემბერს, 10 000 ლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2021 წლის 21 დეკემბერს, მათი ძირი ღირებულებით.
ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით გამოიყენებს: 1) კაპიტალური დანახარჯების დაფინანსება და 2) არსებული საბანკო სესხების რეფინანსირება.

























