სს "ქართული ლუდის კომპანიამ" 15 ივნისს, ბათუმში გამართულ "ზაფხულის ფესტივალი – 2019"-ში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე კომპანია სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი, როგორც ლუდის, ასევე ლიმონათის, ენერგეტიკული სასმელებისა და ნატურალური წვენების მიმართულებით.
ფესტივალი 15 ივნისს, ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკის მოპირდაპირედ გაიმართა, რომლითაც საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ფესტივალის ფარგლებში ზღვის სანაპირო ზოლი თემატური, საზაფხულო დეკორაციით და ინსტალაციებით გაფორმდა, ფრანებისა და ფარნების შოუ გაიმართა, ასევე, დღისა და ღამის ეფექტური ფოიერვერკი მოეწყო. ღონისძიების მუსიკალურ პროგრამაზე კი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები ზრუნავდნენ.
"მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ბათუმიდან ვაუწყებთ ყველას, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა და გართობისა და დასვენების დრო მოვიდა. ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია და ძალიან ამაყები ვართ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებას აღვნიშნავთ ქალაქში, რომელიც "ტურისტული ოსკარის" მფლობელი გახდა. სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადი გაზაფხული-ზაფხულის ცხელ დღეებში ხდება. ჩვენ მზად ვართ მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ და უფრო მეტი ალკოჰოლური, თუ არაალკოჰოლური სასმელი გამოვიტანოთ ბაზარზე", – აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.
15 ივნისს "ზაფხულის ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში სანაპიროზე ფუნქციონირებდა ღია კაფეები და ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იყო შესაძლებელი.

























