მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ლუდსახარში Bayo მომხმარებელს კრაფტ ლუდის ოთხ ახალ სახეობას სთავაზობს - გეგმები

63ea4d2b99370
სალომე ხიდურელი
19.02.23 23:49
2114
ლუდსახარში კომპანია Bayo, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა, ოთხი ახალი სახეობის კრაფტ ლუდს ჩაუშვებს გაყიდვაში. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მარუაშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, „ბაიოს“ ლუდების ახალი გემო მჟავე ხილი იქნება.

„უკვე გვაქვს 13 სახეობის სხვადასხვა ტიპის კრაფტ ლუდი. ვაწარმოებთ როგორც ამერიკული სტილის IPA-ებს, ასევე გერმანულ და ბელგიურ სტილებს, ლუდებს ციტრუსისა და ტროპიკული ხილის არომატებით, ასევე შავ და ღია ფერის ლუდს. ასორტიმენტს სულ მალე შევმატებთ ოთხ ახალ სახეობასაც.

ლუდის წარმოებაში იმპორტირებულ ნედლეულს ვიყენებთ. ალაო გერმანიიდან ჩამოგვაქვს, სვია კი - ამერიკიდან.

„ბაიოს“ ლუდი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, წარმოების 99% თბილისში, სხვადასხვა დაწესებულებაში შეგვაქვს, ნაწილს კი ბათუმში ვყიდით. უახლოეს მომავალში ექსპორტზე გატანას არ ვგეგმავთ, რადგან ადგილობრივ ბაზარზეც ვერ ვახერხებთ ჯერ მიწოდების დაკმაყოფილებას“, - აცხადებს გიორგი მარუაშვილი.

ლუდსახარშის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, „ბაიოს“ წარმომადგენილი აღნიშნავს, რომ კომპანია წარმადობის გაზრდასა და ახალი საწარმოს აშენებას აპირებს.

„ბაიო“ ყოველწლიურად 80 000-მდე ბოთლ კრაფტ ლუდს აწარმოებს, გვინდა ეს რიცხვი გავზარდოთ, რაშიც პირველ რიგში, ახალ ლოკაციაზე გადასვლა დაგვეხმარება. წარმოებისათვის სახარში და ფერმენტაციის დანადგარების შეძენასა და ჩამოტანასაც ვგეგმავთ.

ასევე გვინდა, ტურისტული სეზონისათვის საქართველოს სხვა კუთხეებში დისტრიბუცია გავზარდოთ. წელს ვაპირებთ ჩვენი ლუდი ქუთაისსა და სვანეთშიც შევიტანოთ“, - ამბობს გიორგი მარუაშვილი.

ინფორმაციისთვის, ლუდსახარში „ბაიო“ 4 წლის წინ სამი თანადამფუძნებლის $1 500-იანი ინვესტიციით შეიქმნა. საწარმო დღეს 6 ადამიანს ასაქმებს, თუმცა მომავალში თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

კრაფტ ლუდების ფასი სარეალიზაციო სივრცეების მიხედვით განსხვავდება და ერთი ბოთლის ღირებულება 10-დან 20-ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები