კომპანია "მატერიამ“ თბილისში ევროპული სტანდარტების თანამედროვე ფაბრიკა ააშენა, სადაც ამ ეტაპზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ქართველი დიზაინერების პროდუქციას აერთიანებს და ორ ბრენდს, პრემიუმ კლასის "მატერიელი“- ს და საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილ "დოთსი"- ს ფლობს. ამ ეტაპზე ’’მატერიელის“ ბრენდი ექსპორტზე ათამდე ქვეყანაში გადის. (შვეიცარია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, იტალია, ჩინეთი, სასომხეთი, ყატარი, ქუვეითი, უკრაინა). "მატერია“ ამით არ ასრულებს თავის გაფართოვებას და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ სულ მალე ნიუ-იორკში "მატერიას" პირველი მაღაზია გაიხსნება. თემის დეტალებით "საქმიან დილასთან“ ჰოლდინგის "მატერია" მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე მიქაშავიძე საუბრობს.
-ბრენდი საკმაოდ ბევრ წელს ითვლის და არა ერთი ეტაპი გაიარა. დღეს ის ორ კონკრეტულ მიმართულებას აერთიანებს, კიდევ რას მოიცავს ქართული ბრენდი "მატერია"?
-"მატერია" მოდელების სახლის საქმიანობას 2003 წლიდან აგრძელებს, რაც უნიფორმების და ასევე ქართველი დიზაინერების სამოსის წარმოებაა. ზოგადად ჰოლდინგი ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ეს არის: უნიფორმების ხაზი, სპორტის ხაზი, როლითაც რაგბის ნაკრებისთვის ფორმები იწარმოება და ასევე მოდის ხაზი, რომელიც ორ მიმართულებად იყოფა და არის პრემიუმ კლასის "მატერიელი" და საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილ "დოთსი". ნიუ-იორკში მაღაზიას რაც შეეხება, ეს არის კონცეპტუალური მაღაზია, შოუ რუმი, სადაც რამდენიმე დიზაინერი იქნება გაერთიანებული.
-ნიუ-იორკის გარდა, სახვა საექსპორტო ბაზრებზეც გვიამბეთ, რომელი ქვეყნებია და ძირითადად რომელი ხაზიდან ხდება თქვენი პროდუქციის ექსპორტი?
-ჯერჯერობით, ძირითადად "მატერიელის“ ექსპორტზე გატანას ვახორციელებთ. დაახლოებით ათ ქვეყანაში გადის. მათ შორის არის რუსეთი, ჩინეთი, ავსტრალია, იტალია, შვეიცარია, თუმცა ევროპის ქვეყნებთან ცოტა პრობლემები გვექმნება.
-რა არის ამის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი?
-ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მასალა, რასაც საწარმოსთვის ვიყენებთ ქსოვილი თურქეთიდან შემოგვაქვს და ევროპაში არ ვყიდულობთ. ევროპაში თუ შევიძენთ ჩვენ მასალაზე ევრო1 საბუთი გვექნება და შემდეგ ევროპულ ქვეყნებს თავისუფლად მივაწოდებთ. თუ ჩვენ მასალაზე აღნიშნული საბუთი არ გვაქვს ცოტა პრობლემები გვექმნება ხოლმე. თურქეთში, ჩინეთსა და ევროპაში შემოთავაზებული ქსოვილები ხარისხით ყველა ერთნაირია, ოღონდ ფასებში საკმაოდ დიდი განსხვავებაა. როგორც გავიგეთ, რამდენიმე თვეში თურქეთიც შეძლებს ევრო 1-ის მოწოდებას და ახლა ამას ველოდებით.
-წილობრივად როგორ იყოფა "მატერიელის“ გავრცელების სფეროები, დაახლოებით როგორ ანაწილებთ სეგმენტურად და წილობრივად როგორ ხდება დაყოფა?
-გაყიდვების დაახლოებით 60% თბილისში არსებული მაღაზიიდან არის, 35% ექსპორტზეა გასული და 5% კი - ონლაინ მაღაზიებიდან. ორივე ბრენდს აქვს ონლაინ მაღაზია.
-სულ ახლახან "მატერიამ" EBRD-სგან 1 200 000 ლარის ოდენობის ბიზნეს სესხი აიღო და ფაბრიკა გახსნა. რას მოხმარდება აღნიშნული რესურსი?
- უცხოელ დამკვეთებს ჰქონდათ მოთხოვნა, რომ მათი შეკვეთების წარმოება ჩვენთან მომხდარიყო. სწორედ ამის გამო შევიძინეთ საწარმო ხაზი და რაც ის გვაქვს, ჩვენი წარმადობის უნარი დაახლოებით 10%-15%-ით გაიზარდა. უკვე სრულად გვაქვს ათვისებული, დაახლოებით 1,5 თვეა, რაც ახალ ფაბრიკაში გადავედით და ვმუშაობთ, თუმცა ამაზე არ გავჩერებულვართ და კიდევ უფრო მეტი დანადგარების შეძენასაც ვგეგმავთ.

























