მეტალოპლასტმასის ქართული ქართული კარ-ფანჯარა კანადაში გაიყიდება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანია LGG-ის დამფუძნებელმა, ზურაბ გიორგაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, LGG-ის პროდუქცია გადის ასევე აზერბაიჯანში, უკრაინაში, მცირე რაოდენობით უნდა გავიდეს გერმანიაში და მუშაობენ სხვა ბაზრების მოძიებაზეც.
„ჩვენ გავიტანეთ კანადაში ფანჯრები - მივაღწიეთ ამას. კანადას აღმოაჩნდა ერთი ასეთი უპირატესობა, როცა მომხმარებელი ენერგოეფექტურ ფანჯრებს აყენებს, ქეშბექს გიბრუნებს 10-დან 15%-მდე და ეს სერტიფიცირება უნდა ჰქონდეს ფანჯარას, რომ ჩვენი ფანჯარა შეესაბამება იმათ სტანდარტებს.
ამის გამო ზაფხულში ჩამოგვივიდა ექსპერტები, ჩვენი საწარმო დაათვალიერეს, თავიდან ბოლომდე შეამოწმეს, გავიარეთ სერტიფიცირების პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი იყო გამზადებული ნიმუშის შემოწმება. გაგზავნილია ნიმუშები, მიიღო სტანდარტების ბიურომ და ვაკმაყოფილებთ მოთხოვნებს. ძალიან მაღალი მოთხოვნები ჰქონდათ: ტორნადო რომ დაანგრევს შენობას, ფანჯარა უნდა დარჩეს. მოგვიწია კანადელებისთვის ასეთი ხარისხის პროდუქციის წარმოება“, - განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, რომ კომპანია, რომელიც LGG-იმ უნდა მოამარაგოს, კორპუსებს აშენებს, შესაბამისად, ქართული კომპანიისგან თვეში ორი კონტეინერი კარ-ფანჯარა უნდა მიიღოს.
„კანადა ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, როგორც ბაზრის, ისე პროექტის თვალსაზრისით. რადგან რაც უფრო რთული პროექტია, მით უფრო გვხიბლავს“, - განაცხადა გიორგაძემ.