ქართული ლურჯი მოცვი ხარისხობრივად არანაირად არ ჩამოუვარდება სხვა წამყვანი ქვეყნების პროდუქტებს, - ამის შესახებ „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა, ეკატერინე ვეფხვაძემ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ლურჯი მოცვის შემთხვევაში პრობლემა არ არის მოცულობების მხრივაც, თუმცა გამოწვევებია მაგალითად ლოგისტიკის მიმართულებით, ვინაიდან მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია და საჭიროა მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი.
"დღემდე ჩვენთვის გამოწვევად რჩება უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი, ეს დიდ კომპანიებს მოწესრიგებული აქვთ. ჩვენი ქვეყნის უპირატესობა არის ადგილმდებარეობა. ლოგისტიკური კუთხით - ის პროდუქტები, რომლისთვისაც გამოიყენება საზღვაო და საგზაო გადაზიდვა, ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანია.
მოცულობებს რაც შეეხება, ლურჯი მოცვის კუთხით, მოცულობები საკმაოდ იზრდება. რაც შეეხება გალფის ქვეყნებს და მოთხოვნას, პრობლემა არ გვაქვს, მივაწვდით პროდუქციას, თუმცა აქ არის გადაზიდვის პრობლემა. გადაზიდვის ერთადერთი გზა საჰაერო გადაზიდვაა, რომელიც საკმაოდ ძვირია. თავად პროდუქტსაც მაღალი ფასი აქვს, რაც ნიშნავს, რომ გადაზიდვის ხარჯიც ასატანია, თუმცა ჩვენ ვიყენებთ სამგზავრო გადამყვან თვითმფრინავებს, არა სატვირთოს და რაოდენობა შეზღუდული გვაქვს, ვინაიდან მხოლოდ ერთი ტერმინალია თბილისში და ყველა კომპანიას ამით გვიწევს სარგებლობა“, - თქვა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძემ ისაუბრა საუდის არაბეთში, სექტემბერში გამართულ გამოფენაზე, რომელშიც „აგრითაჩი“ სხვა ქართულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.
„ბოლო გამოფენა, რომელსაც ჩვენ დავესწარით, იყო Foodex Saudi, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. საუდის არაბეთი ძალიან საინტერესო ბაზარია საქართველოსთვის, მოსახლეობიდან გამომდინარე, 36 მლნ მოქალაქე ცხოვრობს და მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა. ჩვენთვის საინტერესო, მიმზიდველი ბაზარია. ჩვენ წარვადგინეთ ლურჯი მოცვი და სხვა ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. ჩვენთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კაკლოვანი კულტურები, წვენები, ჯემები, სხვადასხვა ქართული პროდუქტი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სტენდი გამოირჩეოდა ხალხმრავლობით“, - თქვა ვეფხვაძემ.