მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მზა სადილები უკრაინაში, ბელარუსში და ლატვიაში გაიყიდება

5bf795d453e65
მაია ბიწაძე
23.11.18 09:50
1959

"ჯეონატურალსმა“ პროდუქციის საცალო ქსელში შეტანა დაიწყო, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ბაღდავაძემ განუცხადა. ,,ჯეონატურალსის“ მიერ დამზადებული სადილები, კონსერვის სახით, უახლოეს ერთ თვეში საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მსხვილ ქსელში გაიყიდება. ამ ეტაპზე პროდუქცია ხელმისაწვდომია "გუდვილის“, "ფრესკოს“ და "ნიკორას“ სუპერმარკეტებში, უახლოეს დღეებში კი ,,სმარტის“, "სპარის“, "ზღაპარის“, "უნივერსამის" ქსელშიც შევა, რომლებთანაც კონტრაქტები უკვე გაფორმებულია.

როგორც ბაღდავაძე Bm.ge-სთან საუბრისას განმარტავს, კომპანიამ პროდუქციის ასორტიმენტიც გაზარდა და სამი ახალი სადილის წარმოება დაიწყო - "სოკოს ფლავის", "ბეფსტროგანოვის“ და "ხორცის კუპატის“. აქამდე "ჯეონატურალსი“ ოთხი სახეობის სადილს ამზადებდა, რომელიც ტრადიციული ქართული კერძებია: "ფლავი კახურად“, "იმერული ყალია“, "ნიგვზიანი ხარჩო მეგრულად“ და "ქათმის ჩახოხბილი". პროდუქცია "სადილის“ ბრენდით 400 გრამიანი ქილებით გაიყიდება, მისი ფასი სახეობების მიხედვით 4 - დან 8 ლარამდეა.

"ყველა კერძი ქართული ნედლეულით მზადდება, კონსერვანტებისა და ქიმიური დანამატების გარეშე, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ ნედლს ხორცს და სხვა პროდუქტებს. როდესაც სავაჭრო ქსელს სრულად ავითვისებთ და ექსპორტის დავიწყებთ, თვეში ალბათ 50-დან 70 ათასი ქილას გამოვუშვებთ“- განაცხადა ზურაბ ბაღდავაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანია პროდუქციის ექსპორტის მიზნით რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებას და 2019 წლიდან "ჯეონატურალსის“ მზა სადილები სავარაუდოდ უკრაინაში, ბელარუსში და ლატვიაში გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ჯეონატურალსი“ კახეთში, სოფელ გამარჯვებაში ახლახანს ამოქმედდა. საწარო თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 22 000 -ის მფლობელია. კომპანიის პრიორიტეტი ადგილობრივი კადრების დასაქმებაა.

კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა. მასში განხორციელებულმა ინვესტიციამ 380 ათას დოლარს გადააჭარბა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები