მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ნაციონალური კანფეტი" - კულა ჩურჩხელის წარმოებას იწყებს

5b2b81b6c2e2f
მაია ბიწაძე
21.06.18 14:43
3723
კომპანია "კულა“ მომხმარებელს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს, "ქართული ნაციონალური კანფეტი - კულას ჩურჩხელა" და მშრალი მურაბა საცალო ქსელში მომავალი თვიდან გაიყიდება. როგორც კომპანის დამფუძნებელმა, ვანო გოგლიძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამისთვის გორში ახალი საწარმო მოაწყვეს, სადაც 500 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადეს. საწარმო ექვსი საშრობი კამერით არის არჭურვილი და 24 საათში 6 ათასი ცალი ჩურჩხელის დამზადება შეუძლია. ამ ეტაპზე იქ 10 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი მათი რიცხვის გაზრდა იგეგმება.

"დავამზადებთ ოთხი სახეობის ჩურჩხელას, წითელს და თეთრს, თხილისა და ნიგვზის შიგთავსით. ჩურჩხელა ნატურალური ყურძნის წვენისგან იწარმოება და ორგვარი შეფუთვით გაიყიდება. შეფუთვას კანფეტის ფორმა ექნება და გამოჩნდება შიგ რა ფერის ჩურჩხელა იქნება. მისი ფასი ბაზარზე უკვე არსებულ პროდუქციასთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება. პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა ქსელურ სუპერმარკეტში გაიყიდება" - განაცხადა ვანო გოგლიძემ.

ამავე საწარმოში, მეორე ახალი პროდუქტის წარმოებასაც გეგმავენ, რომელსაც "მშრალ მურაბას" უწოდებენ. როგორც გოგლიძე განმარტავს, ეს კომპანიის სიახლე იქნება, რადგან პროდუქტი სრულიად ახალი ტექნოლოგიით დამზადდება.

"ეს იქნება მოხარშული მურაბა, რომელსაც გამოვაშრობთ. ანუ ის წვენის გარეშე იქნება. ხილი ჯერ მოიხარშება შაქართან ერთად, შემდეგ კი სპეციალურ საშრობში გამოშრება. მას შაქრის ნაკლები შემცველობა ექნება, რადგან ტრადიციული მურაბებისგან განსხვავებით, 50%-ით ნაკლები რაოდენობის შაქარში მოვხარშავთ", - განაცხადა ვანო გოგლიძემ.

მისი თქმით, თავდაპირველად ოთხი სახეობის მშრალ მურაბას დაამზადებენ: კაკლის, ატმის, ქლიავის და გარგრის, სამომავლოდ კი ასორტიმენტს გააფართოებენ. პროდუქცია ექსპორტზეც გაიყიდება ამერიკაში, გერმანიაში, კანადაში, რუსეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები