მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ნატურალური წვენების ბრენდი "ალალი" ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გავა

5c62e947c95e9
მაია ბიწაძე
13.02.19 09:23
7753
ქართული ნატურალური წვენების ახალი ბრენდი ,,ალალი“ ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გავა.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანია ,,აჩინებულის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ განუცხადა, რომელიც ,,ალალის“ ბრენდის მწარმოებელია.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიასთან აწარმოებენ, რომელიც ქართულ ნატურალურ წვენებს რამდენიმე ქვეყანაში გაიტანს.

კომპანიამ სულ ახლახანს დაიწყო ადგილობრივი ბაზრის ათვისებაც და სუპერმარკეტების ქსელებში პროდუქციის შეტანა.

„დავიწყეთ ქსელურ მარკეტებში შესვლა, ზოგიერთ მათგანთან ამჟამად გვაქვს მოლაპარაკება. ვმუშაობთ ISO 22000-ის დანერგვაზე, რაც გაგვიმარტივებს საექსპორტო ბაზრების ათვისებას. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას უმსხვილეს კომპანიასთან, რომლის დასახელებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, სწორედ ის გახდება ჩვენი პროდუქციის ექსკლუზიური ექსპორტიორი“, - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

კომპანია ,,აჩინებული“ ამჟამად სამი სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს: ვაშლის, ატმის და ყურძნის, რომელიც 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიანი მინის ბოთლებშია ჩამოსხმული. კომპანიაში აცხადებენ, რომ წვენები 100%-ით ქართული ხილისგან მზადდება. პროდუქციის ფასები საცალო ქსელში სახეობების მიხედვით განსხვავებული იქნება, კერძოდ 250 მილიგრამიანი შეფუთვით 1,50-დან 1,80 ლარამდე ეღირება, ხოლო ლიტრიანი - 4-დან 5 ლარამდე.

„როგორც კი, საქართველოში ხილის სეზონი დაიწყება, ახალ პროდუქტებს გამოვუშვებთ; ეს იქნება მარწყვის, ალუბლის, მაყვლის წვენები, ვაპირებთ ასევე საფერავის ჯიშის ყურძნის წვენის დამზადებასაც, შემოდგომიდან კი, ქართული ციტრუსის წვენების წარმოებას ვგეგმავთ. გვინდა, ყოველწლიურად ჩვენს პროდუქციას 4-5 ახალი სახეობა შევმატოთ. გარდა ამისა, გავამრავალფეროვნებთ შეფუთვასაც; იტალიელებს უკვე დავამზადებინეთ სამლიტრიანი ე.წ ,,ტიკები“, რომელსაც აქვს ყური და ონკანი და ერთ თვეში ჩვენი წვენი ბაზარზე ამ შეფუთვითაც გამოჩნდება“, - განმარტავს გოჩა ღვინეფაძე.

წელს ,,აჩინებული“ წარმოების მინიმუმ გაორმაგებას გეგმავს; შარშან მან 500 ტონა ქართული ხილი გადაამუშავა. კომპანია წვენების საწარმოებლად საჭირო ხილს და კენკრას ადგილობრივი მოსახლეობისგან შეისყიდის.

„ჩვენი წვენები პრემიუმ კლასისაა, ის არ შეიცავს არანაირ დანამატს და კონსერვანტს. ხარისხის კონტროლის მიზნით, ნედლეულს ვიდრე ჩავიბარებთ, მივდივართ და ვამოწმებთ იმ ბაღებს, სადაც ხდება მისი მოყვანა, ვატარებთ ნიადაგების ლაბორატორიულ ანალიზს“, - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.

კომპანია გაზაფხულზე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობასაც გეგმავს, რაშიც დამატებით 700 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„კომპანია ,,ეკოჰაუზთან“ სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობის მშენებლობაზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ივნისში უნდა ჩავიბაროთ ეს ინფრასტრუქტურა. პროექტის განხორციელებაში ისევ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაგვეხმარება“, - განმარტა გოჩა ღვინეფაძემ.

"აჩინებულის“ ხილის გადამამუშავებელი საწარმო თელავში მდებარეობს; ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში, 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები