საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გავლენიანი გამოცემები თბილისში მომხდარ შეტაკებებსა და მომიტინგეების დაშლას ვრცელ სტატიებს უძვღნიან.
დასავლური მედია აქცენტს პოლიციის მიერ მოქალაქეების დარბევაზე აკეთებს. იუწყებიან, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ცრემლმდენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით დაარბია.
როგორც ბრიტანული BBC წერს, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის სიტყვის გამოსვლის გასაპროტესტებლად დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. მასობრივი დემონსრატაციის დროს აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრასაც შეეცადნენ. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქართველი მომიტინგეების ნაწილს ხელში ევროკავშირის დროშები ეჭირათ და ასევე პლაკატები წარწერებით "Russia is an occupier" – "რუსეთი ოკუპანტია".
ბრიტანული მედია მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოსა და რუსეთ შორის ურთიერთობა 2008 წელს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც აფხაზეთთან ერთად რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაც განახორციელა.
"ქუჩის საპროტესტო აქციები საქართველოში მომატებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას და მმართველი პოლიტიკური პარტიის - "ქართული ოცნების" მიმართ გაზრდილ უკმაყოფილებას მოჰყვა. მოქალაქეთა მოთმინების ზღვარი, რუსული დუმის დეპუტატის ხილვამ გაარღვია’’ - ასეთ შეფასებას აძლევს ბრიტანული The Guardian გუშინ საქართველოში განვითარებულ პროცესებს.
გამოცემა წერს, რომ 10.000 -ზე მეტი მომიტინგე, რომლებიც პარლამენტის შენობასთან დროშებით იყო შეკრებილი, შემდეგ კი შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, სპეც-რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა. სტატიის ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ მასშტაბური დარბევისას ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან პოლიციელები და მომიტინგეებიც.
აქციების დაშლას ეხმაურება ამერიკული CNN. ტელეკომპანია იუწყება, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქის დასარბევად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. ჟურნალისტის თქმით, შეტაკების შედეგად დაშავებულია დაახლოებით 70 ადამიანი, 39 პოლიციელი და 30 მოქალაქე, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა „როიტერსიც“. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ქართველები რუსი კანონმდებლის ვიზიტმა გააღიზიანა.

























