"ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ "სამართლებრივ შეფასების" უზრუნველყოფას აანონსებს. როგორც "ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებაშია აღნიშნული, დადგა დრო, რომ "საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და ყველა ფაქტს სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს".
მმართველი პარტია აცხადებს, რომ თავად იქნება მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება.
"„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო სასამართლო პროცესები სტრასბურგსა და ჰააგაში, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების უდიდესი ძალისხმევით, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ახლა კი, როდესაც სრულად არის გადავლილი იმის თეორიული რისკიც კი, რომ საქართველოს, ქართულ ჯარს და თუნდაც ერთ ქართველ ჯარისკაცს საერთაშორისო დონეზე რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს, დადგა დრო, საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და ყველა ფაქტს სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივ დანაშაულს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. 2008 წლის ომის შედეგად, დავკარგეთ ორი ისტორიული რეგიონი, დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, ხოლო 30 000 ადამიანი დევნილად იქცა. დაუშვებელია, ამ მასშტაბის დანაშაული სამართლებრივი შეფასების გარეშე და დაუსჯელი დარჩეს.
წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებდა და მათი მხრიდან პროტოკოლური ღონისძიებებიც სწორედ ამ დღეს სრულდებოდა. რამდენიმე წლის წინ კი, რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა თარიღი შეეცვალა და მან ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო გამოაცხადა. ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. თუმცა იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სასამართლოებში ყოველგვარი რისკი უკვე გადავლილია, ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილება და მსგავსი მანიპულაციები ომის პარტიის წარმომადგენლებს ვერ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ უმძიმეს კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემა თავიდან აირიდოს. თარიღთან დაკავშირებული ვერავითარი მანიპულაცია ვერ გადაფარავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.
კერძოდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების არეალში რუსული ჯარი არ იმყოფებოდა, პრეზიდენტის 402-ე დადგენილებაში ჩნდება. 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემულ დოკუმენტში წერია, რომ რუსი სამხედროები და რუსული სამხედრო ტექნიკა საქართველოში როკის გვირაბის გავლით 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ამ დოკუმენტს მალევე მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზე ხელის მოწერა, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ესკალაცია ღია და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში ქართული მხარის მიერ 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით გადაიზარდა. რეზოლუციაში აღნიშნული აქტი შეფასდა როგორც ქართული მხარის მიერ შეიარაღებული ძალების არაპროპორციული გამოყენება, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ამავე დოკუმენტში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია „კონტრშეტევად“ შეფასდა.
ამრიგად, ომიდან 2 თვის შემდეგ, პირველივე ოფიციალურ საერთაშორისო დოკუმენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უმძიმესი დანაშაულის დადასტურებას მოაწერა ხელი და მან ამ ნაბიჯით ქართული ჯარი, ქართველი სამხედროები და ქვეყანა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა. საერთაშორისო დონეზე უმძიმესი დანაშაულის ჩადენისა და ომის დაწყების აღიარების შემდეგ, მაშინდელმა ხელისუფლებამ პროპაგანდისტული ფილმი მოამზადა და უმაღლესი დონის სამხედრო თანამდებობის პირის, მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსის, ზაზა გოგავას პირით აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ გაიმეორა. კერძოდ, პროპაგანდისტულ ფილმში გოგავა ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციის პირველი ფაზა 12 საათში უნდა დასრულებულიყო, რადგან არსებობდა რისკი იმისა, რომ "პოტენციური მოწინააღმდეგე" რუსეთი შესაძლოა ამ კონფლიქტში ჩართულიყო და ცხინვალის რეგიონში ქართული ჯარი რუსეთს უკვე დაკავებულ პოზიციებზე მზადყოფნაში უნდა დახვედროდა.„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტურაა. ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ყველა რისკი მოხსნილია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განვლილმა ორმა წელმა თვალნათლივ დაგვანახა, როგორი მონდომებით ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია და ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს. ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს. ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა", - წერია "ოცნების" განცხადებაში.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.