"მომდევნო ოთხ წელში, ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს', - ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ შეკრებილ მხარდამჭერებს.
“ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, ამომრჩეველს, გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება არ არის არცერთი ჩვენზე მდიდარი ქვეყნის საზოგადოებაზე ნაკლები, სწორედ ამ შეგნებით და იმ გაგებით, ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა.
გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს უახლოეს ისტორიაში, მომდევნო ოთხ წელში, ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და შემდეგ კიდევ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ის, რომ ჩვენ რეიტინგებით ვედრებით დღეს ვიღაცებს.
ჩვენი მხრივ, “ქართული ოცნება” აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას. ლიდერები, გუნდი, რომელიც დღეს წარმოდგენილია, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებ პრემიერ-მინისტრით, სანთლით საძებნი კაცია, სანდოობა, კულტურა, განათლება, ყველაფერი აქვს. გუნდში უამრავი წარმატებული ადამიანი გვყავს. ერთი რამ იცოდეთ, მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგი ყველა მიმართულებით, გუნდი ამას არ დააკლებს.
არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"მთავარის" ეგზიტპოლი: "ოცნება" - 42%, "ახლები" - 18% , ენმ - 13%, "ლელო" -9% "გახარია" – 8%;
"ფორმულას" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 40.9%, "ახალი" - 16,7%; "ნაციონალური მოძრაობა" - 16.7%; „ლელო“ – 10.3%; „გახარია - საქართველოსთვის“ - 8.2%.
"იმედის" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 56.1% "ახალი" - 12.6% "ნაციონალური მოძრაობა" - 11.6% „ლელო“ – 7% „გახარია - საქართველოსთვის“ - 4.8%