მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[ქართული ოცნების] ბანერებზე გამოსახულია, თუ რა მძიმე შედეგები მოაქვს ომს - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

ბანერებზე გამოსახულია ის, თუ რა მძიმე შედეგები მოაქვს ომს და რა ტრაგედია შეიძლება მოიტანოს ომმა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქმე ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქის მასშტაბით გამოაკრა ბანერები, რომლებზეც გამოსახულია უკრაინაში ომის შედეგები და პარალელურად საქართველო, სადაც მშვიდობაა.

„საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფო გახვეულია ცეცხლის ალში და სამწუხაროდ, ათი ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა ამ ომს - ეს ძალიან დიდი ადამიანური ტრაგედიაა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობა ასეთ რთულ ვითარებაში გავიყვანოთ ფონს სამშვიდობოზე. ამისათვის აუცილებელია მშვიდობის შენარჩუნება, რაშიც წვლილი უნდა შეიტანოს მოსახლეობამ. ამის ნაწილია ის, რომ მოსახლეობას ყოველთვის ავუხსნათ და შევახსენოთ, თუ რა საზარელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ომს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კითხვაზე, რატომ გადაწყდა საბჭოთა მეთოდების გამოყენება არჩევნებისთვის, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ საბჭოთა მეთოდებს „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს.

„ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“, იგივე ერთიან ბოლშევიკურ მოძრობას გულისხმობთ, როდესაც საბჭოთა კავშირზე ლაპარაკობთ და მათ მოწოდებებს, რადგან ნაციონალური მოძრაობის ყველა მეთოდი, პირდაპირ კავშირშია საბჭოთა კავშირთან. რაც შეეხება რუსეთისთვის გაკეთებულ საქმეებს, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დიდი საქმე რუსეთისთვის არავის გაუკეთებია. ისეთი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორიც ამ პარტიის მესვეურებმა ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაგვეცვა „ქართული ოცნების“ ღირსება და მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა სიმართლე, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას“, - თქვა მინისტრმა.

კითხვაზე, რა პოზიცია ექნებოდა მინისტრს, უკრაინას რომ იგივე ექნა და ომის ფოტოები გამოიყენოს, იუსტიციის მინისტრი პირდაპირ არ პასუხობს და აცხადებს, რომ ომის გამო საქართველო უკრაინას უთანაგრძნობს.

„ომი არის ძალიან დიდი ტრაგედია, ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს და რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში სრული მხარდაჭერა გვაქვს გამოცხადებული უკრაინელებისთვის. როცა საუბარია ბანერებზე, ამ ბანერებზე გამოსახულია ის, თუ რა მძიმე შედეგები მოაქვს ომს და რა ტრაგედია შეიძლება მოიტანოს ომმა. იმ პირობებში, როცა არსებობს საქართველოში პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, რომ ჩაერთონ საომარ მოქმედებებში, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ უნდა მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილება და გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს მოსახლეობა გავიდეს მშვიდობიან ომს“, - თქვა რატი ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები