მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნების" დეპუტატი დეკლარაციაში $3.3 მლნ-ის კრიპტოვალუტას და $439 ათასის მაჯის საათებს უთითებს

გიორგი ბარვენაშვილი

"ქართული ოცნების" ახალმა დეპუტატმა გიორგი ბარვენაშვილმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. ის დეპუტატის მანდატს 2024 წლის თებერვლიდან იკავებს და პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეს წარმოადგენს.

პარლამენტის ვებგვერდის თანახმად გიორგი ბარვენაშვილის სამუშაო გამოცდილებად მხოლოდ და მხოლოდ მითითებულია შპს ფფე-ს დირექტორობა 2019-2024 წლებში, ხოლო სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ მის ბიოგრაფიაში არაფერი მითითებული არაა. რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციას, გიორგი ბარვენაშვილი მასში მიუთითებს ქონებას, რომლის საერთო მოცულობა 15 მილიონ ლარს აჭარბებს.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი ბარვენაშვილი ფლობს 46 ცალ ბიტკოინს, რომელთა ღირებულებაც 3 მილიონი დოლარია, ასევე 100 ცალ ეთერიუმს საერთო ღირებულებით 333 ათასი დოლარი. შესაბამისად, კრიპტოვალუტების სახით ის $3.3 მილიონი დოლარის ფლობას მიუთითებს (8.8 მილიონი ლარი).

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებსა და ნაღდ ფულს, გიორგი ბარვენაშვილი ინახავს 760 ათასი დოლარისა და 187 ათასი ევროს დეპოზიტებს, მათ გარდა ნაღდი ფულის სახით ინახავს 80 ათას ევროს, 100 ათას დოლარსა და 62 ათას გირვანქა სტერლინგს. ლარებში აღნიშნული დანაზოგების მოცულობა 3.3 მილიონი ლარია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბარვენაშვილი ფლობს 9 ძვირფას მაჯის საათს, მათ შორის Patek Philipe-ს, Richard Mille-ს, Rolex-ს, Audemars Piguet-სა და Bvlgari-ს საათებს, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულ Audemars Piguet-ში 2022 წელს 110 ათასი დოლარი გადაიხადა. საერთო ჯამში აღნიშნული საათების ფასად დეპუტატი 439 ათას დოლარს, ანუ 1.17 მილიონ ლარს უთითებს.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, დეპუტატი უთითებს სახლებსა და მიწის ნაკვეთებს მცხეთასა და ზაჰესში 1000, 700 და 785 კვადრატული მეტრის მოცულობით. აღნიშნულ უძრავ ქონებაში დეპუტატმა 22 ათასი, 46 ათასი და 20 ათასი დოლარი გადაიხადა. ასევე, 2021 წელს თბილისში უჩანეიშვილის ქუჩაზე შეძენილ 853 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს, რომელშიც 930 ათასი ლარი გადაიხადა. ამასთანავე, გიორგი ბარვენაშვილი ფლობს 1000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში ცოლიკაურის ქუჩაზე, რაშიც 57 ათასი დოლარი გადაიხადა. ასევე ცოლიკაურის ქუჩაზე მდებარე 950 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს, რომელშიც 50 ათასი დოლარი გადაიხადა.

გიორგი ბარვენაშვილის დეკლარაციაში ასევე მითითებულია 2023 წელს მიღებული შემოსავალი ბიზნესიდან 2.6 მილიონი ლარის ოდენობით, რომლის წყაროდაც შპს "ოდა" არის აღნიშნული.

მსხვილ ხარჯებს შორის ბარვენაშვილი შვილის სწავლისთვის გადახდილ 40 ათას შვეიცარულ ფრანკს მიუთითებს.

გიორგი ბარვენაშვილმა, როგორც პირველ ასევე მეორე მოსმენაზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები