TI საქართველოს თანახმად, „ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 5 სახელმწიფო შესყიდვიდან 37,095,628 ლარი მიიღო. ამ თანხის 91,7% (34,017,338 ლარი) ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის “საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” მიერ გამოცხადებულ 4 ტენდერზე მოდის, ხოლო 3,078,290 ლარი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერიდან მიიღო.
აღნიშნული ტენდერებიდან ყველაში რამდენიმე მიმწოდებელი მონაწილეობდა.
გიორგი ჭყონია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიით და იყო ქობულეთის დელეგატი.
ჭყონიამ 2016 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას” 400,000 ლარი შესწირა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და კომპანიების დირექტორებმა - 1,000,000 ლარზე მეტი.




























