იურისტი კახა წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო სისტემა მურუსიძე-ჩინჩალაძეს ჩააბარა, რომლებმაც ყველა ინსტანციის სასამართლო მთავრობის ერთგული მოსამართლეებით დააკომპლექტეს.
"ქართული ოცნების" მმართველობის ყველაზე დიდი ბოროტება არ არის ის, რომ მურუსიძე - ჩინჩალაძის ხელში მოექცა სასამართლო ხელისუფლება. "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი ბოროტება არის ის, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის ხელში მოექცა საკადრო პოლიტიკა. შესაბამისად, მთელი სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურუსიძის გემოვნებით დაკომპლექტდა. ყველა ინსტანციის სასამართლო, განსაკუთრებით, სააპელაციო და უზენაესი, ერთგული მოსამართლეებით დაკომპლექტდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ხელისუფლებას ემსახურონ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან იკითხა, სასამართლოში მურუსიძე და ჩინჩალაძე რას აკეთებდნენ. ბიძინას უთხრეს, რომ ისინი წინა ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ. შემდეგ ბიძინამ თქვა, რომ მათ უნდა გააგრძელონ იგივე საქმე, რასაც აკეთებდნენ და ისინი იმავე საქმეს აკეთებენ, რასაც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ", - აღნიშნავს კახა წიქარიშვილი.
ცნობისთვის, კახა წიქარიშვილი სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად წარადგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მისი დანიშვნების შესახებ განკარგულება შეაჩერა. იურისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტიც იმის დასტურია, რომ სასამართლოს ე.წ. კლანი მართავს.
"ჩემი საქმე ერთ-ერთი მტკიცებულება არის, რომ სასამართლოში კლანი არსებობს. ჩემს საქმეზე ერთმა მოსამართლემ გადაწყვეტილება 4 საათში მიიღო, ხოლო მეორე გადაწყვეტილებას სამი თვე ვერ იღებს, რადგან ერთიც და მეორეც კლანს ემორჩილება", - აცხადებს წიქარიშვილი.