მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ოცნების" ინიციატივით, სიგარეტთან ერთად აქციზი გასახურებელ თამბაქოზეც უნდა გაიზარდოს

შოთა ბერეკაშვილი

2026 წლის 1 იანვრიდან აქციზის განაკვეთი გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებზეც შეიძლება გაიზარდოს, ამას ითვალისწინებს "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები. პროექტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, აქამდე კანონპროექტი ამ ნაწარმის საქონელზე კოლოფზე 1.85 ლარის აქციზს ითვალისწინებდა, რაც 2.70 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, ამ საქონელზე ადვალური აქციზის განაკვეთი აქამდე არსებული 30%-დან 20%-მდე მცირდება.

გასულ კვირაში ქართული ოცნების დეპუტატებმა დაარეგისტრირეს აქციზის გადასახადში შესატანი ცვლილებები, რომლითაც სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ამჟამად არსებული 1.90 ლარიდან 2.75 ლარამდე იზრდება. ამასთან, ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 1.90 ლარიდან 1.30 ლარამდე მცირდება, რაც გავრცელდება პირველ 35 მილიონ კოლოფზე.

ამ კანონპროექტის პირველადი ვერსიით გასახურებელ თამბაქოზე აქციზის განაკვეთი 1.85 ლარით განისაზღვრებოდა, თუმცა, როგორც დღეს კანონპროექტის ავტორმა შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა აქციზი ამ საქონელზეც გაიზრდება და ის 2.70 ლარი გახდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვეში საქართველოში 281 მილიონი კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა, აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 18.1 მილიონი კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო.

მთლიანობაში 2024 წელს მთავრობამ ადგილობრივი სიგარეტის აქციზიდან 63 მილიონი ლარი, იმპორტულ სიგარეტზე კი 1.15 მილიარდი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები