მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნების" ლიდერებმა მოგვატყუეს ჩვენც და ქართველ ხალხიც - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნამ იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციებს გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე უთხრა, საქართველოს ხელისუფლებამ მოატყუა ისინიც და ქართველი ხალხიც.

"ესტონეთი ქართველ ხალხს მხარს უჭერს და ვიმედოვნებთ ევროკავშირიც. შეთანხმებები გვქონდა საქართველოს მთავრობასთან სხვადასხვა გზაზე როგორ უნდა შეერთებოდნენ ევროკავშირს. ევროპის კუთხით ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ვიზა ლიბერალიზაცია, ასევე დაფინანსება, ყველაფერი რასაც დავპირდით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ, "ქართული ოცნების" ლიდერებმა მოგვატყუეს ჩვენც და ქართველი ხალხიც. ასე რომ შედეგები იქნება. რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს და ნებისმიერ ერს აქვს უფლება, თავისი უფლებებისთვის მშვიდობიანად იბრძოლოს, ასე რომ, შეგვიძლია, მათ მხარი დავუჭიროთ და რა თქმა უნდა, ასეც ვაკეთებთ.

თუმცა დღეისთვის მინდა გავიმეორო, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ უკვე შეჩერებულია, როგორც ყველა დაფინანსება. ახლა კითხვა ისმის, დავუწესებთ თუ არა სანქციებს პიროვნებებსა და დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მქონე პირებს. შესაძლოა, ეს ყველაზე პრაქტიკული არ იყოს, მაგრამ ეს იქნება მესიჯი ქართველი ხალხისადმი, რომ ევროკავშირი მათთან არის", - ამბობს ცაჰკნა.

დღეს, 16 დეკემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სანქცირებულთა სია, რომელთა სანქცირებაზეც გუშინ გაავრცელა ინფორმაცია. სანქცირებულთა შორის პრემიერის ირაკლი კობახიძის გარდა არიან მოსამართლეები, გენერალური პროკურორი და "ქართული ოცნების" ლიდერები.

ესტონეთმა უკვე დაასანქცირა 11 მაღალი თანამდებობის პირი, 2 დეკემბერს ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, მათ შორის სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები