ოთხი აბსოლუტურად უაზრო, აუხსნელი ნაბიჯი, ოთხი დიდი სილის გაწვნა აშშ-სთვის და ევროპისთვის - ასე აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს.
როგორც გიორგი ქობულიამ “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, დასავლეთისთვის ერთგვარი წყალგამყოფი ხაზივით იყო „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მიღებული ისეთი კანონები როგორიცაა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი, ასევე ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა.
„ოთხი აბსოლუტურად უაზრო, დასავლეთისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება იყო „ქართული ოცნებისგან“, რომელიც არანაირ სარგებელს არ აძლევს „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს. პირველი - ესაა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, რომელიც არ მუშაობს. ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების 95% საერთოდ არ დარეგისტრირდა და მთავრობაც ამ ორგანიზაციებზე ვერანაირ წნეხს ვერ ახორციელებს. გამოდის, რომ ეს კანონი ტყუილად მიიღეს, მაგრამ დასავლეთი გააღიზიანეს.
მეორე - ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი, დასავლეთი ხედავს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით პროპაგანდის პრობლემა ჯერ არაა. მათ უჩნდებათ კითხვა, რატომ იღებენ ამ კანონს? ეს მეორე შეურაცხყოფა, დასავლეთი ამას ადამიანების უფლებების დარღვევად მიიჩნევს.
მესამე მძიმე შეცდომა - „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარს აცხადებს - ეს საერთოდ გამაოგნებელია დასავლეთისთვის. მეოთხე სილის გაწვნა - მე ამ ადამიანთან პიროვნულად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა პრეზიდენტად ნიშნავენ ადამიანს, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა. ეს ოთხი აბსოლუტურად უაზრო, აუხსნელი ნაბიჯია, ოთხი დიდი სილის გაწვნა აშშ-სა და ევროპისთვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მისივე თქმით, ეს ქმედებები იმ მცდარი მსოფლმხედველობის შედეგია, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.
„ეს ყველაფერი იმ მსოფლმხედველობის შედეგია, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, მათ მიაჩნიათ, რომ ლეგიტიმური მთავრობების უკან რაღაც ძალები დგას, რომელსაც ხან გლობალური ომის პარტიას ეძახიან, ახლა deep state-ზე გადავიდნენ. მათ არ ესმით, რომ ეს ასე არ ხდება. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში არსებობს ლობიზმი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბაიდენი არ იღებს გადაწყვეტილებებს და მის უკან ვინმე დგას. ეს რწმენა, რომ მათ უკან ვიღაცაა და მათ ვიღაც ებრძვის, მე ამას უფრო პარანოიდალურ იდეებს დავარქმევდი და სამწუხაროდ, ამ იდეებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც სრულიად უაზროა“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.