მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული პრემიუმის" სოსისები და ძეხვეული მალე საცალო მყიდველისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება

5bc4aa2d3474b
მაია ბიწაძე
15.10.18 18:53
4098

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ,,ქართული პრემიუმი“ პროდუქციას საცალო ქსელში შეიტანს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა აპოლონ ტვილდიანმა განუცხადა. ,,ქართული პრემიუმი“ 40-მდე დასახელების პროდუქტს ამზადებს, რომელიც პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი და ჰორეკას ქსელში იყიდება. პროდუქცია განსხვავებული კონცეფციით მზადდება: წარმოებაში მხოლოდ ქართულ ნედლეულს იყენებენ, კერძოდ ქართული ძროხისა და ღორის ხორცს. როგორც ტვილდიანი აცხადებს, წარმოებაში არ გამოიყენება დანამატები, ემულგატორები, საღებავები, კონსერვანტები და გემური გამაძლიერებლები.

"ვამზადებთ ძეხვეულს, სოსისებს, როგორც მოხარშულს, ასევე ნახევრად შებოლილს, სხვადასხვა დესერტებს, როგორიცაა ხორცის შიფსები, ლუდზე მისაყოლებელი ჩხირები და სხვა. კომპანია ამჟამად პროდუქციას მხოლოდ ჰორეკას ქსელში ყიდის და ძირითადი მომხმარებლები სასტუმროები და რესტორნებია, თუმცა, შემდეგ ვიფიქრეთ, რომ პროდუქტი საცალო მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ვაპირებთ პროდუქციის პატარა მაღაზიებში შეტანას, გვინდა მოვიძიოთ ისეთი მაღაზიები, სადაც მომხმარებელი ამდაგვარი ტიპის პროდუქციას შეიძენს. ამ მიმართულებით აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ასევე, იდეა გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი შევქმნათ. ვგეგმავთ დისტრიბუციის ქსელის ამუშავებასაც, თავდაპირველად ვაკე-საბურთალოს რაიონისთვის", - განაცხადა აპოლონ ტვილდიანმა.

"ქართული პრემიუმი“ 2016 წელს დაფუძნდა. საწარმო ნაძალადევის რაიონში მდებარეობს, ის კერძო ინვესტიციით გაკეთა, საწარმოში 170 ათი ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ეს არის მცირე ქარხანა, რომლის წარმადობაც დღეში 200 კილოგრამია.

"ღორის ხორცს სოფელ მჭადიჯვარში ვყიდულობთ, დუშთისკენ, ხოლო საქონლის ხორცს - ბაზარში. მხოლოდ მინდვრის საქონელს ვიღებთ, რომელიც ბაგურ კვებაზე არ იმყოფება. წარმოებისთვის მინდვრის საქონლის ხორცი უკეთესია, რდაგან ბალახით ნაკვები პირუტყვის ხორცი უფრო ნატურალურია და გემრიელია“ - განმარტავს აპოლონ ტვილდიანი.
კილოგრამი სოსისის გასაყიდი ფასი საწარმოდან, სახეობების მიხედვით, 12-დან 25 ლარამდე მერყეობს, ძეხვეულის ფასი კი 22-დან 45 ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები