მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული პური ექსპორტზე გადის - ისრაელში 100 000-ზე მეტი ერთეული გაიგზავნა

პური

საქართველოდან პურისა და ფქვილოვანი ნაწარმის ექსპორტი დაიწყო. „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ეს დარგისთვის უდიდესი წარმატებაა.

მისი თქმით, ქართული ნაწარმი საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც წარმოებების განვითარებასა და მოგების ზრდას უწყობს ხელს.

როგორც მალხაზ დოლიძე განმარტავს, გასულ წელს ერთ-ერთმა ქართულმა საწარმომ ისრაელში პურის რამდენიმე მსხვილი პარტია გაგზავნა. ექსპორტზე გასული პროდუქცია ხუთ სხვადასხვა ასორტიმენტს მოიცავს.

„შარშან ისრაელში სამჯერ გაიგზავნა პროდუქცია ერთ-ერთი წარმოებიდან. პირველ გაგზავნაზე 35 000 ცალი გავიდა, მეორეზე - 37 000 და მესამეზეც - 37 000 ერთეული. ეს არის დიდი მიღწევა და პურის წარმოებისთვის ძალიან დიდი წარმატება“, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, პურის გარდა, უცხოურ ბაზარზე მოთხოვნა სხვა ფქვილოვან ნაწარმზეც არსებობს: „გარდა პურისა, კიდევ არის გარკვეული ფქვილოვანი ნაწარმი, რომელსაც ეს საწარმო უშვებს. ახლა შესაფუთ მასალებზეა ლაპარაკი და ალბათ იმასაც გაიტანენ უცხოეთში, რაც ძალიან კარგია“.

მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, რომ ქართული პურის მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნებიდანაც დიდია და ამჟამად მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

„უნდა ველოდოთ ექსპორტის ზრდას, იმიტომ რომ მიდის მოლაპარაკება, სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ სურვილი. კონკრეტულ ქვეყნებს ჯერ ვერ დავასახელებ, რადგან წარმოებამ მთხოვა, რომ ეს ჯერჯერობით არ გავახმოვანოთ. თუმცა, აქვთ სურვილი, რომ მოხდეს ტირაჟირება და უფრო მეტი პროდუქცია გაიტანონ უცხოეთში“, - აღნიშნავს დოლიძე.

ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ექსპორტზე ძირითადად შოკური გაყინვის მეთოდით მომზადებული პური გადის, რაც პროდუქტს ხარისხს უნარჩუნებს. მისი თქმით, საერთაშორისო აღიარებას ხელი იუნესკოს გადაწყვეტილებამაც შეუწყო.

„იცით, იუნესკომ როგორ აღიარა ჩვენი ქართული პურის წარმოება, საერთოდ - ხორბალი და ქართული პურის ისტორია. ჩვენ ამ მიმართებით ვმუშაობთ. ექსპორტი მოგებასაც აძლევს წარმოებას და მეწარმეებს ძალიან სურთ ამ პოტენციალის ათვისება“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ქართული პური და ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, რაც ქართულ ნაწარმს საერთაშორისო ბაზარზე დამატებით ნდობასა და პრესტიჟს ანიჭებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები