„ელკანას“ მიერ დაფუძნებულ მაღაზიაში ’’ბიოველი“ ახალი ქართული კომპოტი ’’ჯანმრთელობა“ გამოჩნდა. მეწარმე ეკა ჟვანიამ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით, ქარხნულად ქლიავის ჩირის კომპოტი ჩამოასხა, რომელსაც მისი განმარტებით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს.
როგორც ჟვანია აღნიშნავს, ’’ბიოველი“-ს მიზანი ბიო-ფერმერებისთვის პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობის გაზრდაა. კომპოტის მწარმოებელი მისი პროდუქტის ნატურალურობაში დარწმუნებულია. მისი განმარტებით, კომპოტს სამკურნალო თვისებები გააჩნია. იგი ორგანიზმიდან ქოლესტერინისა და მარილების განდევნას უწყობს ხელს და ნახშირწყლების ცვლას აუმჯობესებს.
’’ჩვენ ლაბორატორიული კვლევის დასკვნა გვაქვს, რომელიც ჩვენი კომპოტის ხარისხიანობას და ნატურალურობას ადასტურებს. ჩვენი პროდუქტი ბიო-სერტიფიცირებულია. კომპოტი დიეტურ პროდუქტს წარმოადგენს. ხაზს გავუსვამ, რომ ჩირის კომპოტის სამკურნალო დანიშნულებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება #258/ნ სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ ადასტურებს“, - ამბობს მეწარმე ეკა ჟვანია. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ აღნიშნული მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ის კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, ქიმიურ დანამატებსა და ჯანმრთელობისთვის მავნე მეტალებს არ შეიცავს.
’’ის რომ ჩვენი პროდუქტი ნატურალური და რეგიონისთვის უპრეცედენტოა, ამაში მომხმარებელი მისი დაგემოვნებისთანავე დარწმუნდება. კომპოტში ყველანაირი ვიტამინი, გემო და სასარგებლო თვისებები შენარჩუნებულია, რაც აგრო სასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კომპოტი უნიკალურია, შეუცვლელი და სასარგებლო ყველა ბავშვისთვის, იგი წლის ნებისმიერ დროს ნატურალური პროდუქტისგან იქმნება,“-აღნიშნავს ჟვანია. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ ბაზარი შედარებით დაბალ ფასიანი არაჯანსაღი პროდუქტით არის გაჯერებული და გამომდინარე აქედან, მისი პროდუქტის ფასი განსხვავებულია. მეწარმე თვლის, რომ ბაზარზე პროდუქტების გამიჯვნა აუცილებელია.
’’ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ’’ნიკორასა“ და ’’ავერსის“ ქსელებში ვაპირებთ კომპოტის შეტანას. ახლახან გერმანიიდან მოგვივიდა შეკვეთა, რისთვისაც პრაქტიკულად მზად ვართ. ასევე დუბაიდან პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან დავასრულეთ მოლაპარაკება, სადაც ჩვენი კომპოტის სასინჯი პარტია უკვე გაგზავნილია და ვფიქრობ, დუბაის ბაზარზეც შევალთ“, - ამბობს ეკა ჟვანია.

























