მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული "მაკდონალდსის" წარმოებული პური აზერბაიჯანში ექსპორტზე გავა

6190cd414a43e
თათია კაკიაშვილი
14.11.21 15:10
1365
სულ რამდენიმე თვეში „მაკდონალდსის“ ინვესტიციით შექმნილი პურ-ფუნთუშეულის საწარმოს „ბრედფილდის“ პროდუქცია აზერბაიჯანში ექსპორტზე გავა. ამის შესახებ „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ განაცხადა.

„აზერბაიჯანში პირველი, სატესტო პროდუქტები უკვე გავგზავნეთ, ახლა ლოკალური ბაზრის სპეციფიკას ვსწავლობთ. მალე გვინდა, რომ გადავიდეთ ძალიან ინტენსიურ მომარაგებაზე. საუბარია იმაზე, რომ მთელი აზერბაიჯანული „მაკდონალდსი“ მიბმული იყოს „ბრედფილდზე“, ამისთვის, ცხადია, ინტენსიური მუშაობა გვიწევს. აზერბაიჯანს თავისი გეგმები აქვს: დაახლოებით 6-7 თვე დასჭირდებათ, რომ ჩვენი პურისთვის მზად იყვნენ. ამის პარალელურად, ვმუშაობთ ადგილობრივ ბაზრებთან. სამწუხარო ისაა, რომ რაც უფრო დიდია საცალო ქსელი, ისეთ პირობებს გვთავაზობს, რომ ინტერესი აღარ გვიჩნდება მათთან ურთიერთობის. ჩვენ უკვე შევედით „აგროჰაბში“, შევდივართ „სპარში“, კიდევ რამდენიმე დიდ ქსელში, მაგრამ „კარფურთან“ ურთიერთობა ჩვენთვის უკვე აღარანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

მისივე თქმით, „მაკდონალდს საქართველოს“ სამომავლო გეგმებში შედის კიდევ რამდენიმე რესტორნის გახსნა.

„სისტემური განვითარების შემდეგი ეტაპი იქნება ლოჯისტიკის გაუმჯობესება, შემდეგ - შეფუთვა. მართალია, ამაზე საუბარი ცოტა ადრეა, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ადგილობრივი შეფუთვის წარმოება ავაწყოთ, რათა შესაფუთი ქაღალდის იმპორტი აღარ იყოს საჭირო. ბუნებრივია, ამას აზერბაიჯანში ექსპორტიც მიებმება, ანუ სისტემის განვითარების გარდა, ქვეყნის განვითარების მხრივად პატარა ნაბიჯები იდგმება“, - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება „ბრედფილდს“, ის საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტის პურ-ფუნთუშეულის ბრენდია, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს როგორც „მაკდონალდსის“ რეგიონული ქსელისთვის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები