„სპილოუ“ საბავშვო ტანსაცმლის ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე სამ ძირითად ხაზს აწარმოებს. ესენია: ე.წ. თეთრი ხაზი - ყოველდღიური სამოსი; ვარდისფერი, იგივე სადღესასწაულო ხაზი და ინტერაქტიული ხაზი, რომელიც ბავშვებს თამაშსა და გარდასახვაში ეხმარება.
როგორც „სპილოუს“ დამფუძნებლები აღნიშნავენ, ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე საბავშვო ტანსაცმლის წარმოებაში საკმაოდ მაღალია კონკურენცია, რომელსაც ბრენდი საკუთარი კონცეფციის დახმარებით უმკლავდება.
„ჩვენ მომხმარებლებს არ ვთავაზობთ მხოლოდ ტანსაცმელს. უპირველესად, ჩვენ მათ ვაწვდით თანამედროვე ხედვას ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ - პატარებს სჭირდებათ მეტი თავისუფლება ყოველდღიურად, თამაშისას. ამავე იდეის მატარებელია ჩვენი პროდუქტიც,“ - აცხადებს ტასო ჯაფარიძე.
ბრენდი სამომავლოდ წარმოების გაზრდასა და მომხმარებლებისთვის 0-დან 1 წლამდე ბავშვებისა და 12-დან 15 წლამდე მოზარდებისათვის განკუთვნილი პროდუქციის შეთავაზებასაც აპირებს. მანამდე კი გეგმავენ ახალი ვებგვერდის ამუშავებასა და ქართულ ბაზარზე ონლაინ გაყიდვების გაფართოებას.


























