ქართული საფეხბურთო კლუბების პრობლემებზე BMGDrive-ის ეთერში სპორტული ჟურნალისტი, ტატო ბაციკაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კლუბებისა და ფეხბურთელების ცნობადობაა, რომლის გაზრდისთვისაც მარკეტინგული აქტივობებია საჭირო.
"გასაგებია, რომ პატარა ქვეყანაა პატარა ეკონომიკით, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ კლუბების უკეთ მართვა არ შეიძლება, ვერ ვიჯერებ რომ არ შეიძლება ეს კლუბები უფრო მეტი შემოსავლის მომტანები იყვნენ, ვიდრე არიან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც ბოლო წლებია ვაწყდები და არაფერი იცვლება, თითქმის არც ერთ ქართულ კლუბს არ აქვს აქტიური სოციალური ქსელი, ამ საკითხს ყურადღება არ ექცევა.
ამიტომ არ ვიცნობთ ფეხბურთელებს, არ ვიცით კლუბები როდის თამაშობენ. ძალიან ბევრი ისეთი აქტივობა, რასაც ცნობილი, ძლიერი [უცხოური] კლუბები აკეთებენ სოციალურ ქსელებში, ჩვენთან არ ხდება, ამას თითქმის არავინ აკეთებს და მეტიც, ხშირად შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს დასაქმებული სოცმედიაში, რაც საკმარისი არ არის", - ამბობს ტატო ბაციკაძე.
მისივე თქმით, ცნობადობის გაზრდა აუცილებელია იმისთვის, რომ კლუბმა თუ ჩემპიონატმა სპონსორები მოიზიდოს და შემოსავალიც დააგენერიროს.
"ძალიან მეუცნაურება, რომ ამდენი წელი ეს პრობლემა არ მოგვარდა, რადგან ეს პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ კლუბები უფრო პოპულარულები გახდნენ. რაც უფრო ცნობადი იქნება ფეხბურთელი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, კომპანიებმა ამაში ფული ჩადონ. ნებისმიერი ბიზნესი ასეა, ყველას სჭირდება რეკლამა, ქართული [საფეხბურთო] კლუბების დიდი ნაწილი კი მარკეტინგის კუთხით არაფერს აკეთებს. არადა, შედარებით მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა", - ამბობს ჟურნალისტი.
ტატო ბაციკაძე BMG-სთან საფეხბურთო ტრანსფერებიდან მიღებულ შემოსავალზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ ფეხბურთელების ექსპორტის გაზრდა გვსურს, ამისთვის ქვეყანაში აკადემიების განვითარებაა საჭირო.
"ჩვენს კლუბებს ისეთი შედეგები აქვთ, უფრო და უფრო ქვემოთ ჩავდივართ. ამიტომ, ინვესტიციის დიდი ნაწილი რომ აკადემიასა და ფეხბურთელების აღზრდაში ჩადო, რასაც მაგალითად "დინამო" აკეთებს (რომელსაც საკლუბო დონეზე საშინელი შედეგები აქვს, მაგრამ აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში), უკვე დადგება მომენტი, რომ დავიწყოთ ფეხბურთელების ექსპორტიც, რაც გარკვეულ თანხებსაც მოიტანს", - ამბობს ტატო ბაციკაძე.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ რეკლამირება და კლუბების წარმოჩენა პროდუქტის გასაყიდად მთავარი ფაქტორია, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ შესაბამისი მხარეები ამ საკითხით არ ინტერესდებიან ან სექტორში საჭირო ცოდნა არ არსებობს.