მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სამშენებლო სექტორი უცხოეთის ბაზრებზე გასასვლელად მზად არ არის - ანა საბახტარაშვილი

ანა საბახტარაშვილი

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს EU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა შეუძლიათ.  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ჯერ კიდევ 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა.

ქართული სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი არათუ ევროპის ბაზარზე გასვლას, არამედ რეგიონის ქვეყნებში ტენდერებში შესვლას ვერ ახერხებს. „სექტორი ამისთვის მზად არ არის“, - აცხადებს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა საბახტარაშვილი "საქმის კურსთან" საუბრისას.

„ცხადია, მოსალოდნელ საფრთხეს ყველა აცნობიერებს, რომ ქვეყნის შიგნით მშენებლობის ბუმი დასრულდება, თუმცა სამწუხაროდ, ის, რომ დღეს მოსამზადებელი რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ამის ფუფუნება ბევრ სამშენებლო კომპანიას არ აქვს. ინფრასტრუქტურულ კომპანიებზე თუა საუბარი, თითქმის არავის აქვს, რადგან ის პროექტები, რომლებიც ცხადდება, სამწუხაროდ მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს იმისთვის, რომ კომპანიებმა შემდგომ რეინვესტირება მოახდინონ, ადამიანურ კაპიტალში ჩადონ ფული, ტექნოლოგიურ განვითარებაში, მენეჯმენტის განვითარებაში, მათ შორის კავშირების დამყარებაში უცხო ქვეყნის სხვა კომპანიებთან.

პირველ რიგში ალბათ, სახელმწიფომ უნდა დაინახოს ეს საშიშროება და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხედვა დაიდოს, რასაც ჩვენ არაერთი წელია ვითხოვთ. რეალურად ცხადდება ტენდერები, იგებენ კომპანიები, ასრულებენ ან ვერ ასრულებენ პროექტებს, მერე სად მიდის ეს ყველაფერი ეს ჯერჯერობით არ ჩანს. არ არის ეს ერთიანი გეგმის ნაწილი, შესაბამისად ხვალ რა იქნება, რა კონკურენტუნარიანობით იქნებიან კომპანიები, სად შეძლებენ ოპერირებას, მუშაობას, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა პირადად ჩემთვის.

თქვენ შეიძლება გახსოვდეთ აზერბაიჯანის სიტუაცია, როდესაც იქ მშენებლობის ბუმი დასრულდა, ძალიან მარტივად შეძლებს აზერბაიჯანულმა კომპანიებმა ქართულ ტენდერებში შემოსვლა. რამდენად ჩვენ შევძლებთ სადმე გავიდეთ, მათ შორის ევროპაში, ეს ალბათ იმ საკითხების დარეგულირების შემდეგ მოხდება, რაც დაკავშირებულია განვითარებულ ადამიანურ კაპიტალთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან, თანამედროვე მენეჯმენტის სისტემებთან“, - აცხადებს საბახტარაშვილი.

სამშენებლო დარგში არსებულ გამოწვევებზე გადაცემა „წერტილში“ სამშენებლო კომპანია „რეფორმას“ გენერალურმა დირექტორმაც ისაუბრა. გეგი ქელბაქიანი ამბობს, რომ არც სამშენებლო სექტორისთვის და არც სახელმწიფოსთვის არის დღეს პრიორიტეტული ქართული კომპანიები ევროპის და შუა აზიის ბაზრებზე იყვნენ წარმოდგენილები. „ბევრი სამშენებლო კომპანია „დღევანდელი კვერცხის პრინციპით“ მუშაობს, რაც ცუდია“- აცხადებს ქელბაქიანი.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ გაზრდის და კვალიფიკაციის ამაღლების სტიმული, რათა საქართველოს ბაზრის გარეთაც იყვნენ კონკურენტუნარიანები, მისი შეფასებით, ამას სჭირდება შესყიდვების დახვეწილი კანონმდებლობა, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რეალური ინვესტირება მოახდინოს როგორც ადამიანურ რესურსებში, ისე - ინოვაციებში და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები