ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე Challenge Cup-ის ეგიდით, ქართული პროფესიონალური სარაგბო კლუბი “შავი ლომი” ფრანგულ “კლერმონს” დაუპირისპირდება. აღნიშნულ ტურნირში ჩვენი ქვეყანა პირველად მონაწილეობს, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის გარკვეულ შესაძლებლობებს ქმნის.
რატომაა მნიშვნელოვანი “შავი ლომის” ტურნირში ჩაბმა, ამ საკითხზე “საქმიანი დილას” ეთერში ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი საუბრობს.
“ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლითაც დიდ მოგზაურობას ვიწყებთ და რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რაგბის კავშირის პრეზიდენტს, სოსო ტყემალაძეს, რომელმაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები პრეზიდენტობის პირველივე დღიდან დაიწყო და უკვე იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ხვალ, 13:00 საათზე, უდიდეს სარაგბო საკლუბო ზეიმს ველოდებით.
ვცდილობთ, რომ ყველა თამაში თუ ტურნირი, რომელშიც ეროვნული ნაკრები მონაწილეობს, მაყურებლისა და გულშემატკივრებისთვის საინტერესოდ აღვნიშნოთ და ეს პრაქტიკა უკვე საერთაშორისო მასშტაბზეც გავიტანეთ”, - ამბობს ნიკა ალავიძე.
საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელი ტურნირის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი მატჩების ჩატარება საქართველოში საშუალო და მაღალი სეგმენტის ტურისტებისა და ბიზნეს სექტორის მოზიდვის საშუალებას აჩენს.
“აღნიშნული ტურნირი ეკონომიკურად ძალიან კონკრეტულ და დათვლად პარამეტრებს გვაძლევს. ERCP ორ უმსხვილეს და პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ფლობს, რომლებიცაა “ჩალენჯის” თასი და ჩემპიონთა თასი, რომელსაც ძალიან მსხვილი კერძო ინვესტორი - Investec-ი ჰყავს.
საუბარია სატელევიზიო ტრანსლაციიც, საშუალოდ, 80 მილიონიან აუდიტორიაზე, ასევე უსაზღვროდ დიდ დაფარვაზე სოციალურ მედიაში. ტურნირში ერთიანდება 42 პროფესიონალი სარაგბო კლუბი, რომელთა ბიუჯეტიც საქართველოს ნაკრებისას 2-3-ჯერ აღემატება. გარდა ამისა, თითოეულ სეზონზე ტურნირზე ფიზიკურად დასასწრებად 1.5 მილიონზე მეტი ბილეთი იყიდება - ეს არის ეკოსისტემა, რომელსაც საქართველო უკვე სრულყოფილად შეუერთდა. ეს საშუალება გვაძლევს, რაგბის სიყვარულის სენტიმენტით სავსე ტურისტები თუ ბიზნესის წარმომადგენლები მოვიზიდოთ და ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ”, - ამბობს ნიკა ალავიძე.