მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული შოუ გრძელდება – დადგმა მათთვის, ვისაც საქართველოში მოგზაურობის უნიკალური გამოცდილების მიღება სურს

649c21df8fa33
BM.GE
28.06.23 16:13
457
„ქართული შოუ“, რომელიც სტუმრებს ქართულ ქორეოგრაფიას, ფოლკლორს, კლასიკურ სიმღერებსა და სამზარეულოს წარუდგენს, ისევ გრძელდება. მორიგი წარმოდგენა 4 ივლისს გაიმართება.

„ქართული შოუ“ მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრის“ დადგმაა, რომელიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მოგზაურობის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. დადგმაში მონაწილეობას იღებენ ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ მოცეკვავეები, რომლებიც სტუმრებისთვის ქართული ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს ასრულებენ. დამსწრე საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა „თეატრის“ გუნდის მიერ შესრულებული ქართული საგალობლები და ფოლკლორული სიმღერებიც მოისმინოს. წარმოდგენის გამორჩეული მონაწილეა მარიამ როინიშვილიც, რომელიც სტუმრებისთვის ქართულ კლასიკურ სიმღერებს ასრულებს.

სპეციალურად „ქართული შოუსთვის“ მწერალმა აკა მორჩილაძემ შექმნა ტექსტი, რომელიც დადგმის განმავლობაში წარმოდგენილ ნომრებს ერთმანეთთან აკავშირებს და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებზე ჰყვება. „ქართული შოუ“ გაფორმებულია აუდიო-ვიდეო ინსტალაციებით, რაც წარმოდგენას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

„თეატრის“ კონცეფციიდან გამომდინარე, „ქართული შოუს“ მნიშვნელოვანი ნაწილია გასტრონომიული ვახშამიც, რაც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს დააგემოვნონ ავთენტური ქართული გემოები. კერძებს თანამედროვე ფორმა სპეციალურად წარმოდგენისთვის „თეატრის“ ბრენდ-შეფმა, ალექს ნათაძემ მისცა.

„ქართული შოუ“ საქართველოს ისტორიას ცეკვით, სიმღერითა და გასტრონომიით ჰყვება. საქართველოში მოგზაურობის ეს ფორმა ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა ქართველებისა და ტურისტებისთვის. ალბათ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დადგმის მიმართ ინტერესი არ ცხრება. ამიტომ „ქართული შოუ“ ისევ აქტიურ რეჟიმში, ტრადიციულად, ყოველ სამშაბათს უმასპინძლებს სტუმრებს“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და „ქართული შოუს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.

4 ივლისის წარმოდგენაზე მეტის გასაგებად ეწვიეთ ღონისძიების ბმულს: https://www.facebook.com/events/79428126548911
ბილეთების შესაძენად კი გადადით შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/show/12889/premiera-qartuli-shou-premiere-georgian-show