მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სიმინდის საექსპორტო ფასი 16-ჯერ შემცირდა - სად გაგვაქვს?

სიმინდი

წელს, საქართველოდან სიმინდის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა ქართული სიმინდის საექსპორტო ფასი დაახლოებით 16-ჯერ შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში 2,9 მლნ დოლარის 10 264 ტონა სიმინდი გავიტანეთ საზღვრებს გარეთ, შარშან კი, იანვარ-ოქტომბერში 1,3 მლნ აშშ დოლარის 278 ტონა სიმინდის ექსპორტი განხორციელდა.

წელს, ექსპორტირებული სიმინდის უმრავლესობა ირანში გავიდა (2,6 მლნ აშშ დოლარი, 10 197 ტონა), მცირე რაოდენობებით კი აზერბაიჯანსა და სომხეთშიც. ხოლო გასულ წელს, მთავარი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი ($648 940; 120 ტონა) იყო, შემდეგ რუსეთი ($295 320; 86 ტონა) და სომხეთი ($263 530; 71 ტონა).

რაც შეეხება იმპორტს, ეს მაჩვენებლები ექსპორტისას მნიშვნელოვნად აჭარბებს. წელს, საქართველოში სიმინდის იმპორტი წელს შემცირებულია. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყანაში 14,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 49 452 ტონა სიმინდი შემოვიტანეთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 16,4 მლნ დოლარის 48 340 ტონა სიმინდის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, ტრადიციულად იმპორტის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთიდან ხდება. მაგალითად, მიმდინარე წლის ათ თვეში 9,9 მლნ დოლარის 48 416 ტონა სიმინდი რუსეთიდან შემოვიტანეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმინდს ჩრდილოელი მეზობლისგან ყველაზე იაფად ვყიდულობთ. მეორე ადგილზეა თურქეთი - 1,9 მლნ დოლარის 488 ტონა სიმინდით, მესამეზე კი ავსტრია - 787 000 დოლარის ღირებულების 158 ტონა სიმინდით. სიმინდის საიმპორტო ქვეყნების ხუთეულს ხურავს საფრანგეთი - 517 610 დოლარის 98 ტონა და რუმინეთი - 201 680 დოლარის 42 ტონა სიმინდის იმპორტით.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სიმინდის საიმპორტო ქვეყნების ხუთეულში უკრაინაც იყო 1,2 მლნ დოლარის ღირებულების 3000 ტონა სიმინდით. წელს კი ეს ქვეყანა, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია რუსეთის თავდასხმას იგერიებს, საქართველოს სიმინდის იმპორტში მეცხრე ადგილზეა მცირე რაოდენობით - კერძოდ, წელს, იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, უკრაინიდან მხოლოდ 81 930 დოლარის 29 ტონა სიმინდი შემოვიტანეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები