„დღეს ქართული სპორტისთვის ოქროს ხანაა“ - ეს განცხადება ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა BMG-ში სტუმრობისას გააკეთა.
გაფრინდაშვილის ფიქრობს, რომ სპორტული მიღწევები ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, კერძო ბიზნესი კი მათი მხარდაჭერის პროცესში ნაკლებად ჩართულია.
„სასწაული წარმატებები გვქონდა წელს. ტრადიციები ძველი დროიდან მოდის, თუმცა სულ უმჯობესდება და ძალიან გვიხარია. რეკორდული ოლიმპიადები ჩატარდა, რეკორდული პარა ოლიმპიადა, სერიოზული წინსვლა სათამაშო ხუთივე სახეობებში - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, წყალბურთი, ხელბურთი. არადა როცა ბევრი დრო გაქვს დაკარგული, ასე სწრაფად აღდგენა არ ხდება, მაგრამ ეს საქართველოა, სადაც სპორტი ძალიან განვითარებულია.
ავიღოთ ინდივიდუალური პირებიც, სასწაული წარმატებები გვაქვს, გვყავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, მოკლედ ეს არის ისეთი წარმატება, რომ საქართველო შეიძლება ამით იყოს ამაყი, ბევრი დიდი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ასეთი მნიშვნელოვანი მიღწევებით. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სპორტის ხელშეწყობისთვის, მაგრამ კერძო ბიზნესი ფრთხილობს და სკეპტიკურად უყურებს.
მინდა ვისურვო რომ კერძ სექტორი ხელისუფლებასთან ერთად ჩამდგარიყო სპორტის სამსახურში , მერწმუნეთ ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება სპორტული წარმატება,“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას გაფრინდაშვილმა.