ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის 27 ოქტომბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღი იყო, ამ დღეს აშშ-ში, სილიკონის ველზე, Google Cloud-ის კამპუსში Globalize-ის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
Globalize-ის ღონისძიებაში მონაწილე ქართულ სტარტაპებს ინვესტორების წინაშე ფიჩინგის საშუალება ჰქონდათ. გარდა ამისა, კონფერენციის პარალელურად, მათ ჰქონდათ კონტაქტების დამყარების, პარტნიორების მოძიების და დაინტერესებული მხარეებისთვის სტარტაპის წარდგენის შესაძლებლობა.
კონფერენციაზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება 30-მდე სპიკერმა გაუზიარა. მათ შორის იყვნენ, ვენჩურული ფონდები, ენჯელ ინვესტორები, აქსელერატორები და ტექკომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის დეტალებზე Globalize-ის დამფუძნებელმა ისაუბრა. სალომე კუკავას განმარტებით, ამ ღონისძიებაზე Globalize-ის გუნდმა გლობალურ აუდიტორიას ქართული სტარტაპ ეკოსისტემა კიდევ ერთხელ წარუდგინა.
“ჩვენი გუნდის საშუალებით და დიდი ძალისხმევით, კიდევ ერთხელ შევძელით გლობალურ აუდიტორიას ქართული სტარტაპების გაცნობა. დღეს სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა, საერთაშორისო ინვესტორების წინაშე აქტიურად წარდგნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვუყაროთ თავი და ერთ სივრცეში დავახვედროთ ყველა საჭირო რესურსი, რაც მათ სწრაფ ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები მათი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო Google-ს მხარდაჭერისთვის და აღვნიშნო ჩვენი პარტნიორები, "თეგეტა ჰოლდინგი", USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, ლიბერთი ბანკი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, UNWomen და სხვა არაერთი პარტნიორი, რომლებიც გლობალაიზის იდეას უჭერენ მხარს და სწორედ მათი ხელშეწყობით, სილიკონის ველზე Globalize Silicon Valley Conference უკვე მეორედ ჩატარდა”, ამბობს სალომე კუკავა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე გლობალაიზის გუნდმა Globalize VC Fund-ის დაფუძნება დააანონსა, ფონდი ქართული ტექსტარტაპებისთვის იქნება განკუთვნილი და ოპერირებას იანვრიდან დაიწყებს, რაც სტარტაპებისთვის ფონდების მოძიების ეტაპზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება.
გლობალაიზის შესახებ:
Globalize ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც ეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე თუ პარტნიორებთან დაკავშირებაში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, Globalize-ს უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი გუნდი 12 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.