18 ოქტომბერს, ასტანაში, Google და StrategEast -ის ორგანიზებით, Build with AI for Sustainable Growth Hackathon-ის საფინალო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 21 საუკეთესო სტარტაპი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონიდან, რომელიც 120 აპლიკანტიდან შეირჩა. ფინალისტებს შორის არიან ქართული სტარტაპები SnapMap, AIrt და CultivaAi. ჰაკათონი Build with AI for Sustainable Growth ორგანიზებულია StrategEast-ის მიერ Google-თან თანამშრომლობითა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ჰაკათონი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მდგრადობისა და გარემოს დაცვის პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. ჰაკათონს წინ უძღოდა ვორქშოპების სერია, რომელშიც 7 ქვეყნის 120-მდე სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა. ვორქშოპების მიმდინარეობისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები გარემოს დაცვის პრობლემების გადასაჭრელად.
ინფორმაციისთვის, StrategEast არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია ევრაზიის ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან, განვითარების სააგენტოებთან, გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ევრაზიის ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობით.
StrategEast არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის ოფისები მდებარეობს აშშ-ში, უკრაინაში, საქართველოში, ყირგიზეთში და ყაზახეთში. Google for Developers არის დეველოპერებისა და სტარტაპების საზოგადოება, რომელიც მუშაობს Google-ის ტექნოლოგიებთან. საზოგადოების წევრებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სწავლება და სერტიფიკაცია და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო შეხვედრებში და კონფერენციებში. საზოგადოება ღიაა ცენტრალური აზიისა და კავკასიის მცხოვრებლებისთვის. USAID არის წამყვანი ამერიკული სამთავრობო სააგენტო, რომელიც ცენტრალური აზიის ხალხებთან ერთად ხელს უწყობს სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას.