„ახლა, ქართული სტარტაპები სწავლობენ თავის შეცდომებს, იგივე საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, ინვესტორებთან მუშაობას“, - ამის შესახებ, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პირველი ქართული ვენჩურული ფონდის, future laboratory-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი ქაშიბაძე BM.GE-სთან აცხადებს.
მისი განმარტებით, სტარტაპ ეკოსისტემის საფუნქციონირებლად, ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა GITA. თუმცა, ქვეყანაში მკვეთრად არის ვენჩურული ფონდების ნაკლებობა.
„საქართველოში მკვეთრად გამოხატულია ვენჩურული, ე.წ. სარისკო კაპიტალის ნაკლებობა. დღეს, Future Lab იქნება საქართველოში რეგისტრირებული პირველი ვენჩურული ფონდი, რომელიც განახორციელებს სტარტაპებისთვის დაფინანსების გამოყოფას, აქსელერაციის პროგრამის წარმოებას და ხელს შეუწყობს გლობალურ ბაზარზე დაიწყონ ფუნქციონირება. საერთაშორისო ფონდები ძალიან არიან დაინტერესებული ქართული სტარტაპებით. ყაზახეთის შემდეგ, ჩვენ მეორე ადგილზე ვართ ინვესტირების მოზიდვის ნაწილში. 2023 წელს, 21 მლნ დოლარი მოიზიდეს ქართულმა სტარტაპებმა და სავარაუდოა, რომ წელსაც ძალიან საინტერესო მონაცემები იქნება. ადრეულ სტადიაზე გვაქვს ძალიან დიდი ნაკლებობა ვენჩურული კაპიტალის, ანუ სარისკო ფულის. თუ შევადარებთ აღმოსავლეთ ევროპას, ეს არის 7-ჯერ უფრო ნაკლები დაფინანსება და თუ სხვა რეგიონებს შევადარებთ, უფრო მეტი ჩამორჩენაა. ეს გარემოებაა იმიტომ შექმნილი, რომ ინვესტორები ვენჩურულ ფონდებში უფრო სხვა მიმართულებით ახორციელებენ ინვესტიციებს ან რესტორანში დებენ, რომელიც არანაკლებ სარისკო ბიზნესია.
2014 წელს ჯერ კიდევ არავინ იცოდა რა არის სტარტაპი, ახლა კი ყველა ცდილობს, რომ შექმნას ის. შესაბამისად, სახელმწიფო პროცესებს წინ უნდა უსწრებდეს, მაგრამ არ უნდა შედიოდეს კონკურენციაში. დღეს უკვე ის გარემოებაა შექმნილი, რომ კერძო სექტორმა განაგრძოს განვითარება, განახორციელოს ინვესტირება სტარტაპებში და იყოს მთავარი მოთამაშე. ამასთან, უნდა მოხდეს ლოკალური ექსპერტიზის განვითარება. კარგია საერთაშორისო დიდი ბრენდების ქვეყანაში ჩამოყვანა, მაგრამ რა იქნება მას შემდეგ, რაც ისინი ქვეყანას დატოვებენ? - ამიტომ, მნიშვნელოვანია ქართულ ვენჩურულ ფონდებში ინვესტირება, ქართული სააქსელერაციო პროგრამების მხარდაჭერა, რადგან ეს საბოლოო ჯამში ბაზრის გრძელვადიან განვითარებას და ექსპერტიზის დატოვებას გულისხმობს.
Future Lab-მა რეგისტრაცია დაიწყო სააქსელერაციო პროგრამაზე და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე 100-მდე სტარტაპი დარეგისტრირდა. ვხედავთ, რომ ჩვენს პროგრამაში მაღალი კვალიფიკაციის გუნდები შემოდიან, რომლებსაც აშშ-ს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზანი აქვთ“,- აცხადებს ქაშიბაძე.
future laboratory-ის მმართველი პარტნიორი გამოწვევებზეც საუბრობს, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მცირეა მოთამაშეებს შორის კოოპერაცია, რაც გამოწვეულია იმით, რომ მათ ჰგონიათ საქართველოში რესურსების ნაკლებობაა.