ქართული ტექნოლოგიური კომპანია SAZEO, რომელიც შენობების ავტომატიზაციის ინოვაციურ სისტემებს ქმნის, რუმინეთში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენაში, ENERGY EXPO 2026-ში მონაწილეობს. კომპანიის დამფუძნებლები ბუქარესტში საკუთარ ტექნოლოგიას წარადგენენ და ევროპულ ბაზარზე ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას გეგმავენ.
ENERGY EXPO 2026 24-26 სექტემბერს ბუქარესტში იმართება. ღონისძიება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული მონაცემებით, წლევანდელ გამოფენაში 28 ქვეყნიდან 350-ზე მეტი კომპანია და პარტნიორი მონაწილეობს.
გამოფენა აერთიანებს ენერგეტიკის 25 მიმართულებას, მათ შორის განახლებად ენერგიას, ენერგიის შენახვის სისტემებს, ენერგოეფექტურობას, ჭკვიანი შენობების ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტსა და ინდუსტრიულ ავტომატიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, ინჟინრები, ინვესტორები, კვლევითი ორგანიზაციები და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. მისი მთავარი მიზანია ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ბიზნესპარტნიორობის ხელშეწყობა.
ქართული ტექნოლოგია ევროპულ გამოფენაზე
SAZEO შენობების ავტომატიზაციის ქართული პლატფორმაა, რომელიც არსებულ საინჟინრო სისტემებს ერთიან ციფრულ მართვის სივრცეში აერთიანებს. მისი საშუალებით შესაძლებელია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების ავტომატური მართვა, ენერგომოხმარების მონიტორინგი და საოპერაციო ხარჯების შემცირება.
ტრადიციული BMS სისტემებისგან განსხვავებით, SAZEO-ს მთავარი უპირატესობა მარტივი ინსტალაცია და ხელმისაწვდომობაა. სისტემა არ საჭიროებს რთულ პროგრამირებას, თავსებადია სხვადასხვა მწარმოებლის მოწყობილობებთან და საშუალებას იძლევა, არსებული შენობები მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებების გარეშე ავტომატიზდეს.
კომპანიის ინფორმაციით, SAZEO უკვე დანერგილია 80-ზე მეტ შენობაში, მათ შორის კლინიკებში, სკოლებში, სასტუმროებში, სავაჭრო ობიექტებსა და საოფისე სივრცეებში. სისტემა მომხმარებლებს ენერგომოხმარების 30%-მდე შემცირების შესაძლებლობას სთავაზობს.
გზა საერთაშორისო ბაზრისკენ
რუმინეთის გამოფენაზე SAZEO-ს მონაწილეობის მთავარი მიზანი საერთაშორისო გაფართოება და ადგილობრივი პარტნიორული ქსელის განვითარებაა.
SAZEO-ს პარტნიორული მოდელი ადგილობრივ საინჟინრო კომპანიებს საშუალებას აძლევს, საკუთარ მომსახურებას შენობების ავტომატიზაცია დაამატონ რთული პროგრამირებისა და ტრადიციული BMS სისტემებისთვის დამახასიათებელი მაღალი საწყისი დანახარჯების გარეშე.
რუმინეთში მონაწილეობა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ ბაზარზე პოზიციონირების, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვისა და ქართული ტექნოლოგიის საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით.





















