რამდენიმე დღის წინ ქართულ ბაზარზე სოციალური ქსელის ახალი პლატფორმა Tasteit გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ერთმანეთთან საერთო კულინარიული ინტერესების მიხედვით აკავშირებს. როგორც აპლიკაციის დამფუძნებელმა და იდეის ავტორმა, გიორგი ურუშაძემ, bm.ge-ს განუცხადა, ახალ პლატფორმას მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა.
“Burger King-ის კრეატიულ კამპანიაზე მუშაობის დროს, ჩემთვის სხვადასხვა იდეებს და სიტყვებს ვწერდი, რა დროსაც ერთმანეთს ორი სიტყვა — Dating და Food დავუკავშირე, და იდეაც მოვიდა. მაშინვე მივხვდი, რომ კარგ რამეს მივაგენი და ადამიანების დაკავშირება კერძების/სასმელების გემოვნების მიხედვით, შეიძლება ახალი, დიდი სტარტაპის დასაბამი გამხდარიყო. ასე დაიბადა, პირველი სოციალური ქსელის იდეა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დააკავშირებს.
საქართველოს მარკეტზე რამდენიმე დღის წინ ჩავეშვით, აპლიკაციაში რეკორდული მომხმარებლების რაოდენობა დარეგისტრირდა და app store-ში Food & Drinks კატეგორიაში მე-3 ადგილზე მოვხვდით”, - ამბობს გიორგი ურუშაძე.
როგორც მისი დამფუძნებელი განმარტავს, Tasteit თავისი კონცეფციით გაცნობის აპლიკაციას ჰგავს, თუმცა მათგან განსხვავებით უცხო ადამიანების ნაცვლად სხვადასხვა საკვები ობიექტების კერძებს აფასებთ და მათი გამომწერი ხდებით, შემდეგ კი კომუნიკაციას ამყარებთ იმ მომხმარებლებთან, რომლის მსგავსი კულინარიული გემოვნებაც გაქვთ.
“პლატფორმა ხელს უწყობს ნამდვილ ინტერაქციას და საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა უნიკალური კულინარიული გამოცდილება მიიღონ. ამავდროულად, ის ეხმარება ადგილობრივ გასტრონომიას და მათზე მორგებულ პლატფორმას ქმნის.
Tasteit-ის მომხმარებელი ისარგებლებს ფასდაკლებებითა და სხვადასხვა შეთავაზებით რესტორნებისგან. აპლიკაციას მალე დაემატება ახალი ფუნქციები, რომელიც კულინარიულ თავგადასავალს უფრო საინტერესოს გახდის”, - აღნიშნავს გიორგი ურუშაძე.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სტარტაპის დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ აპლიკაცია გლობალურ მასშტაბებზე გასვლასაც აპირებს. პირველი ბაზარი, რომელსაც Tasteit გუნდი გაეცნობა, გერმანიაა.
“ რამდენიმე თვეში, გერმანულ მარკეტზე ვაპირებთ შესვლას და გვინდა, რომ tasteit გახდეს პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც Unicorn-ის სტატუსს მოიპოვებს. Ეს სიტყვები ამბიციურად ჟღერს, თუმცა აპის იდეამ ვალიდაცია გაიარა და პირველმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. Ამავდროულად, ჩვენი ყველაზე მთავარი იარაღი ის გუნდია, რომელიც პროდუქტს ქმნის. Სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ გლობალური აპის შექმნას”, - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.
Tasteit აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია IOS და Android სისტემებზე და მისი ჩამოტვირთვა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.
სტარტაპის საწყისი ინვესტიცია 100 000 ლარი იყო, რომელიც ურუშაძემ Shark Tank Georgia-ში ქეთი ქვარცხავასა და პავლე მგელაძისგან მიიღო.