"ქართული თაფლი თურქეთში არალეგალურად გადის", - ამის შესახებ bm.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აჭარაში წარმოებული თაფლის თითქმის 100% მეზობელ ქვეყნაში უკანონოდ გადის, იქ თურქულ თაფლს ერევა და საქართველოსთან ყველანაირ კავშირს კარგავს. ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამ სქემაში თურქი შუამავლები მარტო არ არიან.
„მთელი აჭარა ფაქტობრივად ამ მხრივ დაკარგული გვაქვს. არალეგალურად გადის ძალიან დიდი რაოდენიბით თაფლი, ტონობით. თურქეთის მთავრობას ძალიან კარგი პოლიტიკა აქვს არჩეული: არ აწყობს, რომ პროდუქტი გავიდეს ლეგალურად. მე მაინტერესებს, ჩვენი სახელმწიფო რას აკეთებს ამ მიმართულებით?!
ეს ყველამ იცის, არ არის დამალული თემა. გარკვეული ხელშეწყობაც ხდება. არ მინდა კორფუციულ გარიგებებზე ვისაუბრო, მაგრამ ვერ გავიგე რაშია საქმე“,- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.
მისი თქმით, მეფუტკრეებისთვის თურქ შუამავლებთან ურთიერთობა ბევრად მარტივია, რადგან ისინი არ ითხოვენ დამატებით დოკუმენტაციას, თავად აკითხავენ ფერმებში და საკმაოდ კარგ თანხასაც იხდიან.

























