,,საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია“ იყო დღეს ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართული სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა.
პალატის იმერეთის რეგიონულ ოფისში, მეფუტკრეობის სექტორში მომუშავე 150-ზე მეტი მეწარმე-სუბიექტი შეიკრიბა და დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
ამის შესახებ bm.ge-ის სავაჭრო სამრეწველო პალატიდან აცნობეს.
მისივე ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები.
შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.
ჩიქოვანის განცხადებით, თაფლის წარმოება პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომაც დარგის განვითარებისთვის, მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს, მათ შორის კოოპერატივების მხარდაჭერის.
პალატის პრეზიდენტის თქმითვე, იმ ფონზე, როცა თაფლის ექსპორტისთვის ევროკავშირის ბაზარი გახსნილია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, თაფლის მწარმოებელთა კოორდინაცია, რათა ევროპის მრავალმილიონიან ბაზარზე, შესაძლებელი გახდეს, ხარისხიანი პროდუქციის სტაბილური და უწყვეტი მიწოდება.
სიტყვით გამოსვლისას ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მზადაა, უფლებამოსილების ფარგლებში მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს თაფლის მწარმოებელ ბიზნეს-სუბიექტებს.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო: შიდა და გარე ბაზრებზე კონკურენტუნარიანი თაფლის წარმოების შესაძლებლობა და პროდუქციის მოცულობის ზრდა, თაფლის სტანდარტიზაციის სისტემის სრულყოფა, მეფუტკრეობის პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე დარგში დასაქმებულთა პროფესიული დონის ამაღლება.
ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ-სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, რომელმაც მავნებლის წინააღმდეგ, 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფუტკრის დაცვის სისტემის შესახებ ისაუბრა, ასევე „საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი, ასოციაცია ,,დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“ თავმჯდომარე ედუარდ მელია და ლაბორატორია ,,მულტი ტესტის“ ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ პასუხები.

























