მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული თხილის ხარისხი და სტანდარტები არ იყო რეგულირებული, რის გამოც მას სახელი გაუტყდა"

578e41bf3f196
BM.GE
19.07.16 19:00
2059
ბოლო რამდენიმე თვეა თხილის ფასი საგრძნობლად შემცირდა. რა მიზეზით დაიკლო თხილის ფასმა და რა მოლოდინები არსებობს მიმდინარე სეზონზე - ქართულ თხილზე, მის საექსპორტო პოტენციალსა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე “საქმიან დილასთან“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე საუბრობს.

- სოფლის მეურნეობის სექტორში თხილი პირველი საექსპორტო პროდუქტია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს რატომ იკლებს ფასი და რა არის საჭირო იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, რა მიზეზებს ხედავთ თქვენ?

- სახელმწიფომ თხილის ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდა. ამ კუთხით ჩვენ უკვე ერთი თვის შედეგები გვაქვს. თუმცა, დიდი აქტიურობა არ შეიმჩნევა, იმიტომ რომ ახალი სეზონი არ დაწყებულა და ჯერ-ჯერობით სახეზე ძველი თხილის ექსპორტი გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში.

- მიუხედავად ბევრი პლიუსისა, ქართულ თხილს რეალიზაცია უჭირს?

- მას ბუნებრივი პლიუსი აქვს, მაგრამ ხარისხი და სტანდარტები არ იყო რეგულირებული და ამიტომ გაუტყდა ქართულ თხილს სახელი. ფასს რაც შეეხება, არასწორი ინტერპრეტაციაა მოცემული. ფასი არ დავარდნილა, ეს არის მისი ზოგადად საშუალო ფასი, რაც დღეს არის 3-დან 5 ლარამდე. ის ერთი სეზონი, როდესაც 10 ლარი გახდა, სწორედ იყო ანომალია და ამის მიზეზებიც ვიცით, რომ თურქეთში ცუდი მოსავალი იყო.

- ქართულ თხილს ცხიმიანობა 5-8%-ით მეტი აქვს და ეს ფასს არ უზრდის?

- ეს ეტაპობრივად გაუზრდის, რადგან ჩვენ დავიწყეთ ამის რეგულირება და ჩვენი თხილი ევროპის ქვეყნებში სწორედ სტანდარტიზებულად იქნება მიწოდებული. სახელმწიფო დაუდგა გარანტად, რომ მიწოდებული პროდუქცია იქნება, როგორც უვნებლობის პარამეტრებით გაკონტროლებული, ასევე ხარისხობრივად, ანუ მარკეტინგული პარამეტრებით გაკონტროლებული. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ფასის რყევა ძალიან მაღალი არ იყოს.

- თუმცა, ფასები მაინც ყველაზე მსხვილ მოთამაშეზე თურქეთზეა დამოკიდებული. სახელმწიფო თუა ჩართულია რომ ცრუ მოლოდინებმა ფერმერების იმედგაცრუება არ გამოიწვიოს?

- ზოგიერთებს რატომღაც ჭორები ურჩევნიათ. ცრუ მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, სახელმწიფო ამბობს, რომ ჩვენ ამ დარგის რეგულირება პირველად დავიწყეთ. სხვა არცერთი დარგი სურსათის კუთხით გარდა ღვინისა, რეგულირებული არ არის. ჩვენ მსოფლიო პრაქტიკა ავიღეთ, როგორც ევროპის, ასევე თურქეთის. მე პირადად გახლდით თურქეთში და შევისწავლე იქ სიტუაცია. თითქმის ანალოგიურად გადმოვიღეთ, ეტაპობრივად წლიდან წლამდე როგორ მიაღწია თურქეთმა წარმატებას. არცერთი კილო თხილი თურქეთიდან არ გადის, სანამ მას შესაბამისი სერტიფიკატი არ ექნება. ჩვენც გვაქვს ანალოგიური დოკუმენტი, რომელსაც შესაბამისობის დეკლარაცია ჰქვია და რომელსაც ყოველ გატანილ პარტიაზე ავსებს ექსპორტიორი, სადაც სრული ინფორმაციაა აღრიცხული.

შეიძლება მაგალითად, წალენჯიხის რაიონში 10-ჯერ მეტი მოსავალი დაფიქსირდეს, რაც სწორი არ არის და გაყალბებასთან გვექნება ადგილი. ძირითადი პრობლემები მოხალულ გადამუშავებულ თხილში იყო, ფალსიფიცირება მოხდა, მიწის თხილი შეერია. განსაკუთრებულ აქცენტს ჩვენ გადამუშავებულ თხილზე გავაკეთებთ, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.

- ფასების მიმართულებით რა მოლოდინები გაქვთ?

- ძალიან გამიჭირდება ამაზე საუბარი. წელს მკვეთრ ცვლილებებს არ ველოდებით. იმიტომ, რომ რეგულირება მკვეთრს ცვლილებებს არსად იწვევს. ჩვენ ველოდებით, რომ ქართული თხილი ეტაპობრივად აღიდგენს ნდობასა, რეპუტაციას და ფასის სტაბილიზაციას მივაღწევთ. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ნაბიჯები ირიბად დადებით გავლენას ახდენს ფასის სტაბილიზაციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები