მარტყოფში პირველი ქართული ვისკის ქარხნის, JIMSHER-ის მშენებლობა დასრულდა. როგორც BM.GE-ს ვისკის ბრენდის JIMSHER-ის დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ განუცხადა, ამჟამად ქარხნის სპეციალური დანადგარებით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ ქარხნის გახსნა იგეგმება.
ქარხანაში ჩეხეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან ჩამოტანილი უახლესი სტანდარტების დანადგარები დამონტაჟდება.
შეგახსენებთ, მარტყოფში JIMSHER-ის ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მასში კომპანია ჯამში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს.
პირველი ქართული ვისკი JIMSHER ბაზარზე 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა და ის ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფია. ამ ეტაპზე მისი შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით ალკოჰოლის მაღაზიებსა და მსხვილ სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. JIMSHER დღეს წარმოდგენილია 0,7 და 0,05 ლიტრიან ბოთლებში, თუმცა იგეგმება სხვადასხვა მოცულობის ბოთლების დამატებაც.
ამჟამად ვისკის სამი სახეობა მზადდება. თითოეული გადის მეორად დავარგებას ქართული ღვინო საფერავის და წინადნდლის, ასევე ქართული ბრენდის კასრში. ვისკი ექსპორტზე ამჟამად ჩინეთში, უკრაინაში, ყაზახეთში და პოლონეთში გადის, ხოლო აგვისტოდან მისი ამერიკის ბაზარზე, კერძოდ კი ტეხასის შტატში გატანა იგეგმება.

























