ქართული წარმოების მატრასები ამერიკაში ექსპორტზე გავიდა
მაია ბიწაძე
07.08.18 14:42
• 4146
ქართული წარმოების მატრასები ამერიკაში გაიყიდა, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია "როიალ-ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ პაატა მაისურაძემ განუცხადა. მისი თქმით, აშშ-ში ერთი კონტეინერი ძვირადღირებული მატრასები გაიგზავნა. "როიალ-ჯორჯია“ პროექტის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი კომპანიაა, საწარმო ლილოში მდებარეობს და ის 2015 წლიდან ფუნქციონირებს. წარმოებაში 1,8 მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული. ამჟამად იქ 40 ადამიანია დასაქმებული. ნედლეული და მანქანა-დანადგარები, რითაც მატრასებს ამზადებენ, თურქულია.
"ჩვენ ამერიკაში მოვიძიეთ პარტნიორი და იქ ერთი კონტეინერი მაღალი ხარისხის მატრასები გავგზავნეთ, რომელიც, როგორც ინფორმაცია გვაქვს, საკმაოდ კარგად იყიდება, ველით მომდევნო შეკვეთას" - განაცხადა პაატა მაისურაძემ.
"როიალ-ჯორჯია“ წარმოებული პროდუქციის 80%-ს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. ამერიკის გარდა ქართული მატრასები აზერბაიჯანშიც იყიდება, ეს ბაზარი კომპანიამ გასულ წელს აითვისა. საწარმოში 19 დასახელების სხვადასხვა კატეგორიის მატრასს აწარმოებენ, რომელთა ფასიც 152 ლარიდან 1067 ლარამდეა.
"ჩვენ გვაქვს შეთანხმება სახელმწიფოსთან და იმ სასტუმროებს, რომლებიც ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეიქმნა, მატრასებს ვუმზადებთ. ძალიან მაღალი ხარისხის მატრასები დავამზადეთ ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის გუდაურში და ბაკურიანში. პროდუქციას ასევე ვაწვდით შედარებით დაბალი კლასის სასტუმროებს და ჰოსტელებს, რომლებსაც ეკონომკლასის მატრასებს ვუკეთებთ“ - განაცხადა პაატა მაისურაძემ.
მისივე განმარტებით, კომპანიას ,,აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში წარმოების მოცულობის ყოველწლიურად ზრდის ვალდებულება აქვს. ,,როიალ-ჯორჯიამ“ 2017 წელს 12 ათასზე მეტი მატრასის რეალიზაცია განახორციელა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს ექვსჯერ აღემატება. მიმდინარე წელს კი უკვე 7 ათასზე მეტი მატრასი გაყიდა.