WiFisher UBER-თან თანამშრომლობას გეგმავს. ქართული კომპანიის თანადამფუძნებელი დავით ხოსროშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას ლიტვაში 12 კლიენტი ჰყავს, მომდევნო წლიდან კი რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობას განიხილავენ, მათ შორის UBER-თან. კომპანია გაფართოვებას გეგმავს ყაზახეთსა და აზერბაიჯანშიც.
WiFisher კომპანიებს ინტერნეტში ინოვაციური სარეკლამო ხაზით სარგებლობის საშუალებას სთავაზობს.
დავით ხოსროშვილი ამბობს, რომ საინვესტიციო კომპანია Sovereignman -ის მენეჯმენტი wifisher-ით დაინტერსდა, რის შემდეგაც კომპანიაში თანხის ჩადების სურვილი 41-მა ინვესტორმა გამოთქვა. მათი უმეტესობა კი ამერიკიდანაა, რომლებმაც wifisher-ში ჯამში ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს.
"2016 წელს ჩილეში ვიყავი ჩასული 3 თვით და კარგად გავიცანი Sovereignman.com-ის მენეჯმენტი. Sovereignman.com-ის ერთ-ერთი სერვისია მაღალი პოტენციალის მქონე კომპანიების პოვნა სხვადასხვა სფეროში. ჩემი ჩილეში ვიზიტის დროს ძალიან დაინტერესდნენ ჩვენი კომპანიით. 1.5 მილიონი დოლარის ჩადება უნდოდათ wifisher-ში, მაგრამ ჩვენ დავუწესეთ ზედა ზღვარი ნახევარ მილიონზე", - ამბობს დავით ხოსროშვილი.
კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი bm.ge-სთან კომპანიის გამოწვევებზეც საუბრობს. დავით ხოსროშვილი ამბობს, რომ ამჯერად მათი ოფისი ტექნოპარკში მდებარეობს, თუმცა გაფართოვება სურთ, - ქალაქის ცენტრში კი სტარტაპებზე მორებული საოფისე ფართები არ არის.
"ტექნოპარკში გვაქვს ერთი პატარა ოთახი. ვეღარ ვეტევით. ქალაქის ცენტრში სტარტაპებზე მორგებული ოფისები არ არის. ძალიან გვინდა დავრჩეთ ტექნოპარკში და მეტი ფართი გამოგვიყონ. სანაცვლოდ ან თანხას გადავიხდით ან შეგვიძლია დეველოპერების კონფერენციების ორგანიზება უზრუნველვყოთ და ეკოსისტემაში ჩავდოთ ფული“, - ამბობს დავით ხოსროშვილი.

























