"ხორბლის ფასზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ის დაახლოებით ორ კვირაში დადგინდება, როდესაც ხორბლის აღების სეზონი როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში აქტიურ ფაზაში შევა", - ამის შესახებ Bm.ge-ს "ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში ხორბლის ფასის ფორმირება ძირითადად რუსული ხორბლის ფასის შესაბამისად ხდება, რადგან საქართველოში მოხმარებული ხორბლის 90% რუსეთიდან იმპორტირებულია.
"ჩვენ სამწუხაროდ რუსეთის ბაზარზე ვართ დამოკიდებული და სასტარტო ფასს ველოდებით რუსეთიდან, რომელიც შემდგომში უკვე განსაზღვრავს ქართული ხორბლის ფასს. იგივე ტენდენცია იყო შარშანაც, ვიდრე რუსული სასტარტო ფასი გამოცხადდებოდა, საქართველოში კილოგრამი ხორბალი 37-38 თეთრი ღირდა, შემდეგ კი 45-50 თეთრს მიაღწია, სეზონის მიწურულს იყო შემთხვევები, როდესაც 52-53 თეთრიც ღირდა.
ვისაც დღეს ხორბლის გაყიდვა უნდა, მას იაფად რეალიზაცია უწევს, რადგან ამჟამად მოთხოვნა დაბალია და ხორბალს ძირითადად გადამყიდველები ყიდულობენ, რომლებიც მარცვლეულს ასაწყობებენ და მოგვიანებით უფრო ძვირად ყიდიან. ყველა მეხორბლემ იცის, რომ რაც მეტს მოიცდის, უფრო ძვირად შეძლებს შემდეგ მოსავლის გაყიდვას.
რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, რომლებიც ძირითადი მომხმარებლები არიან, ხორბალს მაშინ ყიდულობენ, როდესაც მოსავლის აღების აქტიური სეზონი დაიწყება და სასტარტო ფასი გამოცხადდება. როდესაც გვეცოდინება რა იქნება რუსეთის სასტარტო ფასი, ანალოგიური ხარისხის ქართულ ხორბალს წისქვილკომბინატები იგივე ფასად შეისყიდიან", - განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისი თქმით, დაახლოებით ათ დღეში რუსეთში მოსავლის აქტიური აღება დაიწყება, წამოვა ხორბლით დატვირთული პირველი გემები და სასტარტო ფასიც გამოცხადდება. საქართველოში ხორბლის წლიური მოხმარება 600 ათასი ტონაა, საიდანაც 90% რუსეთიდან იმპორტირებულია, მხოლოდ 10% -ია ადგილობრივი ხორბალი.
"მინდა ავღნიშნო, რომ სასტარტო ფასი ყოველთვის დაბალია და შემდეგ იზრდება. ეს დამოკიდებულია მსოფლიოში ხორბლის მოსავლიანობაზე და შესაბამისად მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე. რუსეთი მარცვლეულის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. წელს ელოდებიან, რომ რუსეთში საშუალოდ 110 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი მოვა, საიდანაც 70 მილიონი ტონა ხორბალი იქნება. გასულ წელს რუსეთმა 125 მილიონი ტონა მარცვლეული მიიღო, საიდანაც 80 მილიონი ტონა ხორბალი იყო" - განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, ამჟამად ხორბლის აღება კახეთში იწყება, შემდეგ პროცესი ეტაპობრივად ქვემო ქართლში და შიდა ქართლში გადავა.
შეგახსენებთ, რომ კახელი მეხორბლეები 1 კგ ხორბლის ღირებულების სიმცირეს აპროტესტებენ. მათი თქმით, იმის ფონზე, რომ საწვავისა და მექანიზაციის ხარჯები გაიზრდა ფერმერებს ხორბლის წარმოება ძვირი უჯდებათ, ფასი კი ხორბალზე ყოველწლიურად მცირდება.

























