ქართული ზეთისხილის ზეთი ჰოლანდიასა და დუბაიში ექსპორტისთვის ემზადება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ BM.GE-ს განუცხადა, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან, კონკრეტულად საუბარია: ლიტვასთან, რუსეთთან, ქუვეითთან.
ჰოლანდიასა და დუბაისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და ქართული პროდუქტის ექსპორტი ამ ქვეყნებში, სავარაუდოდ, ნოემბრიდან დაიწყება, მას შემდეგ, რაც კომპანია მოსავალს აიღებს.
ამჟამად კომპანია სხვადასხვა ქვეყნის ბაზრისა და კანონმდებლობის შესწავლით არის დაკავებული.
გიორგი სვანიძე ამბობს, რომ კომპანია ყოველწლიურად ზრდის ფართობს, სადაც ახალ ნერგებს რგავს, რაც წარმადობის ზრდასაც უზრუნველყოფს. მომავალ სეზონზე “ქართული ზეთისხილი“ 200 ტონა მოსავალს ელოდება.
კომპანია "ქართული ზეთისხილი“ ბაღებს კახეთში, სოფელ საქობოში ფლობს. ქართული ზეთისხილის ზეთი უკვე იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა ქსელურ მარკეტში.

























