ქართულმა Amazon-ის ანალოგმა დღეიდან ფუნქციონირება დაიწყო
თათია ჩაფიჩაძე
01.07.18 10:06
• 2778
Amazon-ის ქართულ ანალოგზე შოპინგი დღეიდან უკვე შესაძლებელია. ლილო მოლის ახალმა ინტერნეტ-მაღაზიამ Liloshop.ge-მ ფუნქციონირება დაიწყო. ონლაინ გაყიდვების საიტზე, ლილო მოლში მდებარე სავაჭრო ობიექტების პროდუქციაა ატვირთული, მისი შეძენა კი მომხმარებელს იგივე ფასად შეუძლიათ.
საწყის ეტაპზე საიტზე საყოფაცხოვრებო ნივთების, ჭურჭლის, ტექსტილის, სპორტული ინვენტარის, აქსესუარებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი ნივთების შეძენაა შესაძლებელი, თუმცა როგორც Liloshop.ge-ს გენერალური დირექტორი აცხადებს, უახლოეს მომავალში საიტს საკვები პროდუქციის გარდა, ყველა სხვა კატეგორია დაემატება.
„საიტი მულტივენდორულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პროდუქციის მწარმოებლისა თუ იმპორტიორისთვის. ეტაპობრივად მოხდება ყველა კატეგორიის ათვისება, გარდა საკვები პროდუქციისა. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია და ვაკეთებთ ქალების სტარტაპის აქციას, ჩვენს საიტზე მათ მიერ მოწოდებული ხელნაკეთი ნივთებიც გაიყიდება. რაც შეეხება მიწოდების ვადებსა და ტარიფებს, დღის 1 სთ-მდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება მეორე დღეს, დღის მეორე ნახევარში შეძენლი ნივთების მიტანას კი მესამე დღეს ვუზრუნველყოფთ. 50 ლარის ზემოთ შეკვეთების მიწოდება თბილისის მასშტაბით იქნება უფასო, სხვა შემთხვევაში ფასი ინტეგრირებული იქნება ნივთის ღირებულებაზე. გვექნება დაგროვებითი ქულები და სხვადასხვა საჩუქრებიც.“ - უთხრა BM.GE-ს Liloshop.ge-ს გენერალურმა დირექტორმა ბესიკ ჩიხლაძემ.