მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია Artytechs-მა იტალიაში, პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო A' Design Award მიიღო

არტიტექსი

ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია Artytechs-მა იტალიაში, პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო A'Design Award მიიღო. როგორც bm.ge-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა და მთავარმა არქიტექტორმა, დადუნა შათაშვილმა განუცხადა, კონკურსში სულ 200,000-ზე მეტი ნამუშევარი მონაწილეობდა და მათგან 300 საუკეთესოს შორის სწორედ „არტიტექსის“ პროექტი მოხვდა.

„თავად კონკურსის ორგანიზატორები დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს კონკურსში მონაწილეობა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი პროექტები ჰქონდათ ნანახი და შემოგვთავაზეს მონაწილეობის მიღება. ბევრი საფეხური იყო გასავლელი და ბევრი კრიტერიუმი დასაკმაყოფილებელი. კონკურსისთვის შევარჩიეთ პროექტი, რომელიც არის აბასთუმანში, ბუტიკური ტიპის სასტუმრო. მოხდა პროექტის წინასწარი შეფასება და გვითხრეს, რომ მას საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდა. დაჯილდოების ცერემონიაზე მიგვიწვიეს 300 ნამუშევრის ავტორი“, - განაცხადა დადუნა შათაშვილმა. მას არ აქვს ინფორმაცია, კონკურსში სხვა ქართული კომპანია მონაწილეობდა თუ არა, თუმცა იცის, რომ კონკურსში მთელი მსოფლიოდან მონაწილეობდნენ კონკურსანტები.

შათაშვილის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ის თავად გახდა მსოფლიო დიზაინერების ასოციაციის წევრი და კონკურსის ორგანიზატორებმა შექმნეს ვებ-გვერდი, სადაც სხვა მონაწილეებთან ერთად, ქართველი აპლიკანტის შესახებ არის სრული ინფორმაცია განთავსებული.

„ჩვენც წამოვიწყეთ დამატებითი ურთიერთობები, რაც ვფიქრობ, მომავალში დაგვეხმარება“, - დასძინა მან.

კომპანია „არტიტექსი“ 2014 წელს დაარსდა და ამჟამად 25 ადამიანს ასაქმებს. მუშაობენ მასშტაბურ პროექტებზე, მათ შორის განხორციელებული აქვს თბილისში, სასტუმრო „მუზეუმის“ პროექტი, სასტუმრო ვარძიაში, რომელიც მალე დასრულდება და ა.შ. როგორც კომპანიაში ამბობენ, „არტიტექსი“ თანამშრომლობს დიდ დეველოპერებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები