ქართული მუსიკალური კომპანია, Bloom Music-ი მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური გამომცემლის, Sony Music Publishing-ისა და მუსიკალურ ინდუსტრიაში წამყვანი სპეციალიზებული პლატფორმის, Extreme Music-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, Sony Music Publishing-ის პოლონეთის ოფისთან პარტნიორობა სინქრონიზაციის უფლებას მოიცავს და ქართულ სარეკლამო სააგენტოებს, სატელევიზიო სტუდიებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს უდიდესი მუსიკალური გამომცემლობის სპეციალიზებული მუსიკის კატალოგებიდან საკუთარი პროექტებისთვის შესაბამისი მუსიკის გამოყენების ლიცენზია მიიღონ.
“Sony Music Publishing-თან პარტნიორობა ქართული მუსიკალური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან ასეთი დონის კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, როგორც ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც სარეკლამო თუ სატელევიზიო სივრცეში მოღვაწეობენ, ასევე ქართველ შემოქმედებსაც. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად აამაღლებს საავტორო უფლებების შესახებ ადამიანთა ცნობიერებას და გააჯანსაღებს ადგილობრივ მუსიკალურ ეკოსისტემას“ - განაცხადა მირიან კულულაშვილმა, Bloom Music-ის დირექტორმა.
Bloom Music-ი ქართული მუსიკალური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი სერვისები მოიცავს, როგორც არტისტ-მენეჯმენტს, ასევე მუსიკის ციფრულ დისტრიბუციას და მუსიკის სინქრონიზაციას. ამ ეტაპზე, Bloom Music-ის როსტერში სამი ქართული მუსიკალური პროექტი არის წარმოდგენილი, ესენია Killages, ერეკლე დეისაძე და Eko & Vinda Folio. კომპანიის დახმარებით, ბოლო წლებში, 100-ზე მეტმა ქართველმა მუსიკოსმა საკუთარი შემოქმედების ციფრული დისტრიბუცია 60-ზე მეტ მუსიკალურ პლატფორმაზე მოახდინა.