მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა ღვინომ ჩინეთში ნიშა შეიძლება ყველა საფასო სეგმენტში ნახოს - რთველისი

ღვინო

ქართული ღვინისთვის ევროპის ბაზარი პრიორიტეტული, აზიის ბაზარი კი საინტერესო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საექსპორტო მიმართულებად განიხილება. ბოლო წლებში, განსაკუთრებით ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი გააქტიურდა, თუმცა ეს აქტიურობა პანდემიამდელ პერიოდში მეტად თვალსაჩინო იყო.

ბოლო წლების სტატისტიკა მეტყველებს, რომ ჩინეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტი იკლებს. გასულ წელს ღვინის ექსპორტიორებმა ჩინეთში მხოლოდ 11,6 მილიონი დოლარის ღირებულების 3 164 ტონა ღვინო გაყიდეს.

კლება გაგრძელდა მიმდინარე წელსაც. მხოლოდ 5 თვეში ჩინეთში ღვინის ექსპორტი 42%-ით შემცირდა. იანვარ-მაისში ჩინეთის მიმართულებით მხოლოდ 824 ტონა ღვინო გადაიტვირთა, რასაც ქართველი ექსპორტიორები ზოგადად ჩინეთის ბაზარზე ღვინოს მოხმარების კლებით ხსნიან. მიუხედავად ამისა, ეს ბაზარი ქართველი მეღვინეებისთვის მაინც სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება.

„ზოგადად აზიის ბაზარი საინტერესო მიმართულებაა ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ დღეს წარმოდგენილი ვართ ჩინეთის ბაზარზე. ვმუშაობთ, რომ განვვითარდეთ ჩინეთის ბაზარზე, რომელიც საკმაოდ დიდი ბაზარია, მრავალფეროვანი. ასეთი სტიგმა არ არსებობს, რომ ერთი კონკრეტული სეგმენტია, უბრალოდ შესაბამის პარტნიორებს სჭირდებათ მოძიება. პარტნიორი არის ყველა სეგმენტში, მით უმეტეს ამხელა ბაზარზე, მომხმარებელიც არის ყველა სეგმენტში, უბრალოდ არ არის მარტივი ბაზარი.

ერთი ათწლეულია ჩვენმა ღვინომ დაიწყო განვითარება ამ ბაზარზე, ეს არ არის იმხელა პერიოდი, რომ ვთქვათ, რომ მივაღწიეთ პიკს. გვჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, სჭირდება ფინანსური რესურსი, რომ ამ ბაზარზე განვითარდეს კომპანია, რადგან მსოფლიო ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ჩინეთის ბაზარზეც არიან წარმოდგენილი კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდი ხანი იმ ბაზარზე მუშაობენ, ვითარდებიან, ჩვენ ვართ ახალი მოთამაშეები ამ ბაზარზე, შესაბამისად გვჭირდება ძალიან დიდი შრომა, გვჭირდება ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, რომ შევიდეთ კონკურენციაში ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ა.შ.

ჩინეთის ბაზარმა უახლოესი რამდენიმე წელია, ქართული ღვინისთვის კლება განიცადა, ეს რეალობაა, მაგრამ ეს არ არის კონკრეტულად მხოლოდ ქართულ ღვინოზე საუბარი. ჯამურად პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ჯამურად შემცირდა ღვინის მოხმარება ჩინეთში, რაც აისახა არამხოლოდ ჩვენზე, არამედ ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე ან მომავალ წლებში ჩვენ დავუბრუნდებით მინიმუმ იმ ნიშნულს, რაც იყო 2019 წლამდე და შემდეგ ვიმუშავებთ, რომ ეს ციფრები გაიზარდოს.

ჩინეთის ბაზარზე საფასო სეგმენტი ძალიან ჭრელია. არის ბიუჯეტური სეგმენტი, არის მაღალი სეგმენტი, ეს დამოკიდებულია სრულად იმაზე, რა ტიპის პარტნიორთან გაქვს შეხება. ეს არის ისეთი ბაზარი, რომელიც ვფიქრობ, ყველა საფასო სეგმენტში შეიძლება ქართულმა ღვინომ ნიშა ნახოს, როგორც პრემიალურში, ისე დაბალ სეგმენტში. თუ გვინდა დივერსიფიცირება მოვახდინოთ შიგნით ჩინურ ბაზარზე, ყველა სეგმენტის ღვინო უნდა გავყიდოთ“,-აცხადებს bm.ge-სთან „რთველისის“ გენერალური დირექტორი თორნიკე ჭიკაძე.

ამ ეტაპზე, კომპანია ჯამური ექსპორტიდან ჩინეთის ბაზარზე 25%-ს ყიდის. „რთველისის“ სამომავლო გეგმებში აზიის მიმართულებით კორეასა და იაპონიაში ექსპორტის დაწყება განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები