მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

helio ai

ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ საერთაშორისო ფონდებისგან $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც კომპანიის გლობალურ ბაზრებზე აქტიურ ზრდას და მსოფლიოს მასშტაბით რეკრუტინგის პროცესების სრულად გარდაქმნას მოხმარდება - ამის შესახებ სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ნინი მოსიაშვილმა BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.

Helio AI ქართული სტარტაპია, რომელიც კომპანიებს თანამშრომლების შერჩევის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. პლატფორმას ორწლიანი ოპერირების შემდეგ, 7 ქვეყნის 400-ზე მეტი ბრენდი იყენებს.

სტარტაპმა $1-მილიონიანი ინვესტიცია SABAH.fund-ის ხელმძღვანელობით, DOMiNO Ventures-ის, Axiom Capital-ის და Tetrad VC-ის და ანგელოზი ინვესტორი Bas Godska-ს მონაწილეობით მოიზიდა. როგორც ნინი მოსიაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული კომპანიები Helio AI-ს სამიზნე ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარება.

"ჩვენ შევძელით, რომ მოკლე დროში, - სტარტაპისთვის ორი წელი საკმაოდ მოკლე პერიოდია - 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიგვეღო. თან აქ ხაზგასასმელი არის ის, რომ ისეთი ფონდებისგან შევძელით დაფინანსების მიღება, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ Helio-ს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების ინიციირება, დახმარება, ჩართულობა და ასე შემდეგ.

ჩვენ გუნდის წევრების შერჩევის და ასევე ინვესტორებთან მუშაობის დროსაც, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ როგორი ტემპიც აქამდე გვქონდა, ამ ორი წლის განმავლობაში, ისევ ამ ტემპით ან კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ განვითარება და ასეთი ადამიანები გვინდა შემოგვიერთდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ვმუშაობდით ინვესტიციაზე, ვაანონსებდით ხოლმე პატარ-პატარა სიახლეებს. იყო პირველი რაუნდი, სხვადასხვა აქსელერატორები, გრანტები, წინა რაუნდში $350 000-ს ინვესტიცია გვაქვს მიღებული. ამ რაუნდში კი უკვე ვგეგმავდით $1 მილიონის აღებას და შევძელით, რასაც გლობალურ ბაზრებზე განვითარებისთვის გამოვიყენებთ", - ამბობს ნინი მოსიაშვილი.

Helio AI-ის თანადამფუძნებელმა იმ მიზნებზეც ისაუბრა, რის გამოც სტარტაპმა საინვესტიციო რაუნდის ჩატარება გადაწყვიტა. როგორც მან აღნიშნა, დაფინანსება გუნდს სწრაფ ექსპანსიაში დაეხმარება.

"ჩვენთვის ინვესტიციის მოზიდვის მთავარი მიზანი იყო ის, რომ სწრაფად შევძლოთ სხვა ბაზრებზე განვითარება. ისედაც შეიძლება, ნელი ნაბიჯებით გავიაროთ ეს გზა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ სტარტაპში სისწრაფე ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ინვესტიცია ზუსტად დაგვეხმარება იმაში, რომ გავზარდოთ გუნდი და გუნდის გაზრდა გვეხმარება, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში შევძლოთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად დავიწყოთ ოპერირება.

ჩვენ, როდესაც ვსაუბრობდით ინვესტიციებზე სხვადასხვა ფონდებთან, ზუსტად ამ მიმართულებით ვარჩევდით, რომ ისეთი ფონდები ყოფილიყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ, რომ იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ ვაპირებთ შესვლას, მაგალითად აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და შემდეგ უკვე ევროპის მიმართულება, შეძლებოდათ ჩვენი მხარდაჭერა; ზუსტად ისე, როგორც საქართველოში, როდესაც პირველი ინვესტიცია ავიღეთ, იმდენად დიდი იყო ანგელოზი ინვესტორების მხრიდან დახმარება და გაწეული შრომა, რომ საქართველოში ძალიან დაგვეხმარა განვითარებაში

ჩვენს ახალ ინვესტორებს კარგად ესმით ბაზრის სპეციფიკები, რაშიც ჩვენ ბევრად მეტი დრო შეიძლება დაგვჭირდეს, და დღეს ისინი უკვე მზად და ჩართული არიან ჩვენ განვითარებაში. სამომავლოდ ევროპის ბაზარიც ძალიან საინტერესოა და აქეთაც გვაქვს გეგმები. უახლოესი ერთი წლის გეგმა იქნება საქართველოში კიდევ უფრო გაფართოება და აი ამ კონკრეტული ბაზრების ათვისება", - განაცხადა ნინი მოსიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები