მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულმა მხარემ რომანოვების სასახლისთვის ისტორიული მასალები რუსეთიდან ჩამოიტანა

5b331a0c7c685
დავით ჯალაღონია
27.06.18 09:30
1045
საპარტნიორო ფონდის შვილობილი შპს „ლიკანი რეზიდენცია“ რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირებაზე მუშაობას დაახლოებით ერთ თვეში დაასრულებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა სოსო ბუგიანიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, პროექტის მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები ისტორიულ დოკუმენტებს ეფუძნებოდა, რომელთა ნაწილი - საქართველოში, ნაწილი კი რუსეთში იყო.

„მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან დიპლომატიური არხების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ვიცოდით, რომ პეტერბურგის არქივში გარკვეული მასალები არსებობდა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან სპეციალისტები ჩავიდნენ, რომლებმაც ერთი კვირა იმუშავეს და ეს მასალა დაამუშავეს. აქ საუბარია ისტორიულ მასალაზე, რომელიც როგორც ჩანს, კომუნისტურ ეპოქაში გაიტანეს საქართველოდან. ესენია: ჩანაწერები, საპროექტო მასალა და ა.შ. ასევე, იმედი გვქონდა, რომ იქ იქნებოდა დიდი რაოდენობის ფოტომასალა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა, ამიტომ ძირითადად, მეცნიერული, ხელოვნებათმცოდნეობის ნაშრომებით შემოვიფარგლეთ“, - განაცხადა სოსო ბუგიანიშვილმა და დასძინა, რომ რუსეთიდან რომელიმე ორიგინალის წამოღება შეუძლებელია, ამიტომ სპეციალისტებმა მხოლოდ სკანირებული მასალები ჩამოიტანეს.

მისივე თქმით, რომანოვების სასახლესთან დაკავშირებული არქივის მოძიება ობიექტის რეაბილიტაციის პროცესის პარალელურად გაგრძელდება.

„საქართველოშიც ძალიან ბევრი რამ არის სასახლიდან აღებული და დაკარგული. რაღაც ნივთების კატეგორია ექვთიმე თაყაიშვილის საცავებშიც კი იყო და ა.შ”, - აღნიშნა სოსო ბუგიანიშილმა.

რაც შეეხება საპროექტო სამუშაოების ხარჯებს, ამ მხრივ საპარტნიორო ფონდის მიერ გამოყოფილი 771 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკომენდაციით დაქირავებულმა არქიტექტორებმა განახორციელეს.

„ახლა პროექტი ექსპერტიზას გადის. ჩვენი გუნდი მუშაობს, რომ ყველა ის სირთულე, რაც შეიძლება, წინ დაგვხდეს, კარგად იყოს ასახული ტექნიკურ დავალებაში და როცა ტექნიკური დავალება მზად იქნება, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით მოხდება ამ ყველაფრის ტენდერზე გატანა“, - განმარტა სოსო ბუგიანიშვილმა.

„ლიკანის რეზიდენციის“ ხელმძღვანელი ობიექტის სრული აღდგენის ღირებულებას ვერ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ხარჯებსაც საპარტნიორო ფონდი დაფარავს.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადებს, მენეჯმენტის ინფორმაციით, ეს პროცესი სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების მომენტს ჯერ ვერ გეტყვით. გვაქვს სურილი, რომ მალე დასრულდეს პროექტირების ეტაპი“, - აღნიშნა სოსო ბუგიანიშვილმა.

ასევე უცნობია, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სასახლე გადაეცემა თუ არა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

რომანოვების სასახლის გარდა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამენიმე შენობა-ნაგებობაა, რომელთა აღდგენა ასევე დაგეგმილია.

„მიზანი, თუ რატომ გადმოეცა ეს ყველაფერი საპარტნიორო ფონდს, არის შემდეგი - ეს ყველაფერი სრულფასოვნად აღდგეს, რაშიც იგულისხმება თანამედროვე ხედვები და ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა. გვინდა, რომ ეს ადგილი ძალიან საინტერესო ტურისტულ ატრაქციონად იქცეს“, - განაცხადა სოსო ბუგიანიშვილმა.

რომანოვების სასახლის რეაბულიტაციის გეგმის პრეზენტაციას „ლიკანი რეზიდენცია“ მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა), 2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულის სააგენტოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით ის გასაყიდი ობიექტების სიიდან ამოიღეს. შედარებით ადრე, 2005 წლიდან, სასახლეს საზაფხულო რეზიდენციად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებდა.








გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები